აშშ

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციების გამო ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

GETTY IMAGES

აშშ-ის მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციების გამო ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.

აქციები 46 წლის აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის, სიკვდილს უკავშირდება. ის პოლიციამ დაკავებისას მოკლა.

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭრიდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

ქალაქში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები და შენობები, მათ შორის პოლიციის შენობა. არეულობის დროს მოსახლეობამ მაღაზიები გაძარცვა.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და მემფისშიც.

მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ფლოიდი დაკავებისას მოკლა, გამოძიების დაწყება მოითხოვა. დაკავებაში 4 პოლიციელი მონაწილეობდა, ყველა მათანი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

თეთრი სახლის სპიკერმა კეილინ მაკინანიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აღაშფოთა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტმა და მას სურს, სამართალი აღსრულდეს. თავად ტრამპმა კი აქციების შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ეს ავაზაკები შეურაცხყოფას აყენებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ. ახლახან ვესაუბრე გუბერნატორ ტიმ უოლტსს და ვუთხარი მას, რომ სამხედროები მასთან არიან და გზაში არიან. თუ რაიმე გართულება იქნება, კონტროლს დავამყარებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძარცვა და სროლა დაიწყება. გმადლობთ!"

Twitter-მა ტრამპის პოსტს გამაფრთხილებელი წარწერა გაუკეთა: "ეს ტვიტი არღვევს ჩვენს წესებს ძალადობის წახალისების შესახებ, თუმცა ჩვენი შეფასებით, შესაძლოა, საზოგადოების ინტერესებში იყოს მისი მისაწვდომობა".

კომენტარები