საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესმა საკონსტიტუციოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარადგინა

ვასილ როინიშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილი წარადგინა. მას ახლა კენჭი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უნდა უყაროს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ როინიშვილი ე.წ სასამართლო კლანთან დაახლოებული პირია. კითხვაზე, რამდენად გამჭვირვალეა მისთვის არჩევის პროცესი, როინიშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლების ყველა შტოს თავისი დაკომპლექტების წესი გააჩნია. 

"მთავარია, რომ კანდიდატურა შერჩეული იყოს ისეთი, რომელიც ასახავს დამნიშნავის პოზიციას, ანუ ამ შემთხვევაში პლენუმის პოზიციას... საზოგადოება ხო არ ირჩევს?", - ამბობს როინიშვილი. 

2019 წლის დეკემბერში ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გახდა და მისი კანდიდატურა პარლამენტს წარედგინა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს. 

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატების წევრია. ის 2009 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე ის როგორც გენერალურ, ასევე სხვადასხვა რეგიონის პროკურატურაში მუშაობდა. 2004 წელს კი იყო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი.

სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ როინიშვილი ე.წ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანთანაა დაკავშირებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის, თქმით, კლანი ცდილობს, წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც ჰყავდეს.  

"დღეს კანდიდატის დასახელება და დანიშვნა გამორიცხავს საკითხზე დისკუსიას. ეს იქნება მორიგი დემონსტრირება იმის, რომ რეალურად კლანი სისტემაში ცდილობს არამარტო საერთო სასამართლოებში იყოს, არამედ წარმოდგენილი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში", - ამბობს სალაძე. 

კომენტარები