გიორგი გახარია პარლამენტში

გახარია: ევროპული საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა არარეალისტური და პოპულისტურია

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში ვიზიტისას, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროპული საქართველოს ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. გახარიამ ოპოზიციის გეგმას "არარეალისტური" უწოდა და განაცხადა, რომ ეს "პოლიტიკური პოპულიზმის" ნაწილია.

"4 თვით საშემოსავლო გადასახადის განულება ბიუჯეტისთვის ნიშნავს -1,7 მილიარდს, აქციზი 150 მილიონი, ქონების გადასახადი 400 მილიონი და ა.შ. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ეს პარტია გვთავაზობს გადასახადების შემცირების ნაწილში, ბიუჯეტს აკლებს 4,2 მილიარდს. იგივე პარტია კიდევ გვთავაზობს დახმარების დამატებით ღონისძიებებს, საერთო ჯამში მათი ეკონომიკური სურვილებით ბიუჯეტს უფორმირდება -6,1 მილიარდი, რაც ბიუჯეტის 14%-იან დეფიციტს ნიშნავს", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ასევე ამბობს, რომ ბიუჯეტის ამგვარი დეფიციტის პირობებში ქვეყანა "მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას დაკარგავს" და ეს ცნობილია ყველასთვის, ვისაც "ელემენტარული ეკონომიკა ესმის". პრემიერმა, ასევე, დაამატა, რომ ამ პირობებში უპროგნოზო ხდება ლარის გაცვლითი კურსი.

უნდა ითქვას, რომ ევროპული საქართველოს გეგმა საბიუჯეტო დეფიციტის არსებულ დონეზე შენარჩუნებას ითვალისწინებს. პარტიაში ამბობდნენ, რომ ეს ნაბიჯი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის იყო აუცილებელი.

გახარიას მტკიცებით კი, "ამ პირობებში არათუ დონორებისგან რაიმე დამატებითი სახსრების მობილიზება, არამედ საერთოდ შეუძლებელი იქნება მიმდინარე ხარჯების მომსახურებაც". პრემიერის პროგნოზით, ევროპული საქართველოს გეგმის განხორციელების შემთხვევაში, უკვე მაისის თვეში "კოლეგები ვერ მოემსახურებოდნენ საპენსიო გადასახადებს და ხელფასებს და იქნება ბიუჯეტის კოლაფსი."

საგულისხმოა, რომ პრემიერმინისტრს არ უხსენებია ოპოზიციური გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ბიუროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. პარტიის გეგმის მიხედვით, ამ გზით 1,7 მილიარდი ლარის მობილიზება იყო შესაძლებელი.

ევროპული საქართველოს ანტი-კრიზისული გეგმის კიდევ ერთი ნაწილი საპენსიო ფონდში შენატანების 8 თვით შეჩერებას გულისხმობდა, რა გზითაც 325 მილიონი ლარის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი.

ამ საკითხზე საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ საპენსიო ფონდზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს და "ოპოზიციამ ვერ მოინელა, რომ რეზერვის სახით 772 მილიონი არსებობს." ამის გარდა, გიორგი გახარიამ ისაუბრა გადასახადების შემცირების საკითხზე, რომელსაც ოპოზიციური პარტია უკვე დიდი ხანია, ითხოვს.

გახარიას თქმით, გადასახადების შემცირება ამ გლობალური კრიზისის პირობებში მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ ზომის ეფექტს ეკონომიკა მხოლოდ ორი წლის შემდეგ იგრძნობს.

"ქვეყნის დღევანდელი, კორექტირებული ბიუჯეტი არის 16 მილიარდი ლარი, აქედან მესამედზე ცოტა მეტი ხმარდება სოციალურ ხარჯებს, კოლეგები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ გადასახადები, გარდა იმ დანაკლისისა, რაც კრიზისის ფონზე ისედაც მოსალოდნელია", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში ქვეყანა არათუ დამატებითი დონორული თანხების მობილიზებას მოახერხებდა, არამედ ეკონომიკური ზრდისა და "მოქალაქეების ნორმალური ყოფის რესურსს" დაკარგავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები