ბრიტანეთმა მიზანს მიაღწია - ქვეყანაში დღეში Covid-19-ის 200 000 ტესტის ჩატარება შესაძლებელია

ბორის ჯონსონი
immigrationnews.co.uk

დიდმა ბრიტანეთმა Covid-19-ზე დღეში, 200 000 ტესტის ჩატარების შესაძლებლობის მიზანს მიაღწია, მათ შორის, 40 000 ანტისხეულების ტესტის.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ მიზანს 30 მაისს მიაღწიეს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის თქმით, სამიზნე 200 000 ტესტის ჩატარების შესაძლებლობის მიღწევა კორონავირუსის კონტროლისთვის, სიცოცხლეების გადარჩენისა და ნელნელა შეზღუდვების მოხსნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, 6 მაისს განაცხადა, რომ მთავრობას ამბიცია აქვს, მაისის ბოლომდე დღეში კორონავირუსის 200 000 ტესტის ჩატარება შეძლოს. ამის შემდეგ კი - უფრო მეტის.

"ფანტასტიკური ტესტირების რეჟიმი აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენისთვის," - განაცხადა ჯონსონმა.

მანამდე, მაისის დასაწყისში, ბრიტანეთმა ახალ კორონავირუსზე დღეში, სულ მცირე, 100 000 ტესტის ჩატარების მიზანს მიაღწია.

მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსი 274 000-ზე მეტ პირს დაუდასტურდა. 38 489 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები