არჩევნები 2020

გია ხუხაშვილი: თუკი ენმ მეტი კანდიდატის დაყენებას მოინდომებს, თვითდაზიანებას მიიყენებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პოლიტიკური კომენტატორი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენება თეორიულად სწორი გზაა, თუმცა მისივე თქმით, ის ამ შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს. 

ეს სტრატეგია ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშავდება. უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისტორიული შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. ეს პროპორცია 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი - მაჟორიტარული პრინციპით. 

"საერთოდ პარტიებს შორის ურთიერთობა ვითარდება, როგორც თანამედროვე ქართული სუფრა, როდესაც თავიდან ყველას ძალიან უყვარს ერთმანეთი, ერთნაირ სადღეგრძელოს სვამენ და სუფრის ბოლოს მერე ერთმანეთს თავ-პირს ალეწავენ ხოლმე. შესაბამისად, ამ ტიპის შეთანხმებაზე საუბარიც კი უკვე არის რისკის შემცველი, რომ პარტიებს შორის ურთიერთობა დაიძაბოს და ამის გარკვეული სიმპტომები უკვე ჩანს კიდეც.

აქედან გამომდინარე, გენერალური შეთანხმება უნდა იყოს, რომ ისინი იყვნენ კარგად კოორდინირებულები მაჟორიტარულ ოლქებში, მაგრამ კრიტერიუმი უნდა იყოს იმდენად ობიექტური, რომ ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა", - ამბობს ხუხაშვილი. 

პოლიტიკური კომენტატორი ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ორი არჩევანი აქვთ. ხუხაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ყველა ოლქში იქნება მეორე ტური, რადგან ხელისუფლება 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ოპოზიციურ პარტიებს შორის მემორანდუმი უნდა გაფორმდეს, რომლის მიხედვითაც, პირველი ტური ე.წ პრაიმერისი უნდა იყოს, ხოლო მეორე ტურში გასულ კანდიდატს ყველა პარტიამ კონსოლიდირებულად დაუჭიროს მხარი. 

"არსებობს მეორე უფრო მარტივი გზა, ჩემი აზრით, და უფრო გასაგებიც. რადგან ამ მაგიდასთან 30 პარტია ზის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს 30 პოლიტიკური ლიდერი. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების ბედი პროპორციულ ნაწილში წყდება, რადგან იქ 120 დეპუტატია ასარჩევი და ეს 30 გარკვეულწილად ბონუსია, მე ვფიქრობ, რომ შეუძლიათ, მარტივად შეთანხმდნენ, ამ 30 პარტიის ლიდერმა გადაინაწილონ ეს ოლქები და მათ იყარონ კენჭი.

ეს მათ შესაძლებლობასაც გაზრდის, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ცნობადობა უფრო მაღალია. ყოველგვარი კვოტირების გარეშე ყველა პარტიის ლიდერმა თვითონ იყაროს კენჭი ამა თუ იმ ოლქში", - ამბობს ხუხაშვილი. 

პოლიტიკური კომენტატორის განმარტებით, მეორე არჩევანის შემთხვევაში ერთადერთი ღია საკითხი დარჩება ის, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, თუმცა მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტადი პრობლემაა. 

"ისინი რადგან თავს თვლიან ნაციონალური მასშტაბის ლიდერებად, წესით სულერთი უნდა იყოს, რომელ ოლქში იყრიან კენჭს. ფარული კენჭისყრით გადაინაწილონ ოლქები. დანარჩნემა 29-მ ამა თუ იმ ოლქში დაუჭიროს მხარი კანდიდატს. ეს არის ყველაზე მარტივი და იმ ტიპის ფორმულა, ერთ დღეში შეიძლება ამის დალაგება, თუკი იარსებებს პოლიტიკური ნება", - ამბობს გია ხუხაშვილი. 

შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაღალი რეიტინგის ქონის არგუმენტით არ მიიღებს მონაწილეობას ამ კონსოლიდაციაში, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ოპოზიციური პარტიისთვის თვითდაზიანება იქნება. 

"ეს არის პრობლემა, ასეთი ნაბიჯები როდესაც ჩნდება, საბოლოო ჯამში, ამით თვითდაზიანებას იყენებს ნაციონალური მოძრაობა. თუ მეტი ხმა აქვს, უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ეს მეტი მხარდამჭერის რეალიზება მას შეუძლია მოახდინოს პროპორციულ არჩევნებში იმიტომ, რომ ძირითადი დეპუტატთა რაოდენობა იქ არის. ეს 30 მაჟორიტარი არ არის კრიტიკული საკითხი. კი ბატონო, შეიძლება 10 ოლქში დააყენოს, მაგრამ ამით საეჭვო კონიუნქტურას ვერ შეცვლის, მხოლოდ თვითდაზიანებას მიიყენებს", - განმარტავს ხუხაშვილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები