კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 პაციენტი შემოგვემატა, 2 გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი დაემატათ. მისივე თქმით, COVID-19-ისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

"2 შემოგვემატა გუშინ - ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები. ეს არის "საბურთალოს კლასტერი". 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა", - თქვა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება 4 ახალ შემთხვევას, რომელიც დღეს, 3 ივნისს დადასტურდა, ეზუგბაიას თქმით, 1 "საბურთალოს კლასტერიდანაა", 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

ჯამში, თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 57 ადამიანი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში მძიმე პაციენტები არ ჰყავთ.  

"ამ 57-ში საშუალო სიმძმის პაციენტები ჭარბობენ და მცირე რაოდენობით არიან მსუბუქი მიმდინარეობით", - თქვა მან. 

ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 20-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 800 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 640 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

კომენტარები