არჩევნები 2020

ბოკერია ენმ-ზე: უპასუხისმგებლობა იქნება მაჟორიტარებზე შეთანხმებაზე უარის თქმა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს.

"სრული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია რაიმე მოტივით [უარს იტყვის ამ შეთანხმებაზე]", - თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, ეს ეხება იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ამ მოლაპარაკებებში ჩართულები და არა, მაგალიტად, ლელოს, რომელიც თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ შეთანხმების მიმართ. 

"არ არის დასამალი, ვისზე ვსაუბრობ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება ნაციონალური მოძრაობის ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, საიდანაც ჩანდა, რომ ამ იდეის გადახედვას აქვს ადგილი. საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თუ ვერ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩათვლისთვის. ამის დიდი იმედი მაქვს ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა ბოკერიამ. 

4 ივნისს შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს. 

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, და ოპოზიციის წარმომადგენლებს მაჟორიტარების გადანაწილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, კი Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია.

კომენტარები