ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

წიკლაური: არველაძეს ენმ-ში პოზიცია აღარ აქვს, მის ამ ნააზრევს მოწყალების ფარდა ჩამოვაფაროთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, "გიორგი არველაძეს დღეს ჩვენს პარტიაში არანაირი პოზიცია არ აქვს და წლებია, მეც მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია". 

TV პირველის ეთერში, გადაცემა დღის ამბების წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ ნუგზარ წიკლაურს გიორგი არველაძის FB-პოსტის ნაწილი წაუკითხა, რაზეც წიკლაურმა თქვა - "ეს შინაარსი არ იმსახურებს, რომ ამხელა ციტატა იყოს წარმოთქმული". მან აღნიშნა, რომ "ამ ადამიანს არ აქვს ახლა არანაირი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, თუმცა მას აქვს უფლება, რომ გამოთქვას თავისი მოსაზრებები, რაოდენ არადამაჯერებელიც არ უნდა იყოს ის". მისი აზრით, "პატივი უნდა ვცეთ მის ამ უფლებას, რაც უნდა, ის დაწეროს სოციალურ ქსელში და როგორც მარკ ტვენი იტყოდა, მის ამ ნააზრევს მოწყალების ფარდა ჩამოვაფაროთ".

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი არველაძემ 3 ივნისს Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ "ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება". მან, "როგორც ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ერთგულმა მხარდამჭერმა", მოუწოდა პარტიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა". მანვე მოუწოდა ენმ-ს, შეწყვიტოს "თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება". მისი თქმით, "არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები