არჩევნები 2020

მელია: ენმ თბილისში მხოლოდ სამგორის და გლდანის მაჟორიტარულ ოლქებში იყრის კენჭს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივნის ნიკა მელიას თქმით, პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს თმობს და მხოლოდ ორში - სამგორსა და გლდანში იყრის კენჭს. მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ ხვალიდან, 5 ივნისიდან, ამ ორ რაიონში საარჩევნო კამპანიას იწყებს.

"რაც შეეხება რეგიონებს, იქაც უნდა დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, განვიხილავთ ჩვენც კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შესაძლებლობას, იცით, რა შემთხვევაში? როცა ყველანი ერთად ქართველ ხალხს დავარწმუნებთ, რომ ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი რეგიონებში, ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რეგიონებშიც გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი და ეს ეროვნული ინტერესი არის ერთიანობა" - თქვა მელიამ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, "რამდენიმე სუბიექტმა" ჩათვალა, რომ ენმ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის. 

"ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდანვე, მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ყველა შეხვედრაზე წარმოვადგენდი და წარმოვადგენ პარტიის ინტერესებს. ენმ ერთგული რჩებოდა და რჩება ერთობის მიმართ. თავი რომ არ ვიმართლოთ, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ რომ დავხუროთ, ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მინდა გავაკეთო განცხადება.

ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის რვა ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს, ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ ენმ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვიბრვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ თბილისის ორ რაიონშიო -  სამგორი და გლდანი. ნაციონალური მოძრაობა იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომცრო ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ამ რვა ოლქში ყველა ძლიერი კანდიდატით" - თქვა მელიამ.

კომენტარები