პარლამენტის რეგლამენტი

TI: პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები ოპოზიციის მდგომარეობას აუარესებს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები ოპოზიციის მდგომარეობას აუარესებს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

  • სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან;
  • პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ;
  • საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.

ასევე, უმცირესობა, როგორც ცალკე აღებული სუბიექტი, უქმდება. იარსებებს უმრავლესობა და ოპოზიცია.

უმრავლესობა, შედგება პარლამენტის არანაკლებ 76 წევრისგან. პარლამენტის ყველა ის წევრი, რომელიც არ იქნება გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მიეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

პარლამენტის თავმჯდომარეს, 9-ის ნაცვლად, ეყოლება 3 მოადგილე, რომელთაგან ერთი იქნება პირველი მოადგილე, ხოლო თითო მოადგილე იქნება საპარლამენტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო
ოპოზიციიდან.

უმრავლესობის ლიდერი აღარ იქნება პარლამენტის თანამდებობის პირი. საპარლამენტო თანამდებობების ჩამონათვალს აკლდება დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობები.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ „დღის წესრიგში დადგა საქართველოს კონსტიტუციის (ასამოქმედებელ) ძირითად დებულებებთან რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. ამავდროულად, ახალი რეგლამენტის ამოქმედების კვალდაკვალ პრაქტიკამ გამოავლინა გარკვეული ხარვეზები, რაც აღმოფხვრას საჭიროებს”.

TI აცხადებს, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან მნიშვნელოვნად აუარესებს ოპოზიციის (მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატების) უფლებრივ მდგომარეობას პარლამენტში და ორიენტირებულია უმრავლესობისათვის პრივილეგიების შექმნაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში დემოკრატიული მმართველობის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე. პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში.

"ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ორიენტირებული იყოს ყველა პოლიტიკური ძალის სრულფასოვან მონაწილეობაზე საკანონდებლო და საზედამხედველო პროცესში და გააძლიეროს ოპოზიციის როლი (რისი რეკომენდაციაც არაერთხელ წარვუდგინეთ პარლამენტს), იგი იმ უფლებებსაც უმცირებს ოპოზიციას, რაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული", - მიუთითებს ორგანიზაცია.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებებით, უარესდება მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პარტიების მდგომარეობა, რაც დაასუსტებს საპარლამენტო ოპოზიციას. პარტიებს, რომლებსაც 7 მანდატზე ნაკლები ექნებათ პარლამენტში, სხვა პარტიასთან ერთად ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ერთმევათ.

ფრაქციას ვერ შექმნიან ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი მაჟორიტარები.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. ამ ჩანაწერს პარლამენტის რეგლამენტში ემატება შეზღუდვა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან.

"რეგლამენტის ჩანაწერი გაცდა კონსტიტუციის ფარგლებსა და მის სულისკვეთებას. კონსტიტუციის ნორმის მიზანია ერთი პარტიით არჩეულმა, საერთო პოლიტიკური ხედვის წევრებმა არ შექმნან რამდენიმე ფრაქცია, ფრაქციებისათვის მინიჭებული უფლებების ხელოვნურად მიღების მიზნით. კონსტიტუცია არ კრძალავს რამდენიმე პარტიის სიით არჩეული წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნას და ასევე არ ითვალისწინებს შეზღუდვას საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისათვის.

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, დაბალი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტში შესაძლოა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 7 მანდატი ვერ მოიპოვოს. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებით შექმნან ფრაქცია და ვერც იმ უფლებებით ისარგებლებენ, რაც ფრაქციებს აქვთ მინიჭებული", - აცხადებს TI.

ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნებზე 7 მანდატის მისაღებად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 6%-მდე უნდა მიიღოს. იმის გამო, რომ ფრაქციის ფორმირებას ვერ შეძლებენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდებათ, მათ შორის:

  • დებატებში მონაწილეობის დროის ხანგრძლივობა - უფრაქციო დეპუტატებს, ფრაქციებთან შედარებით, ნაკლები დრო ეკუთვნით;
  • ვერ გამოიყენებენ სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლის უფლებას;
  • ვერ წარადგენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას;
  • გართულდება დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესი, რადგან დადგენილების ინიცირების უფლება დამოუკიდებელ დეპუტატებს 30 მხარდამჭერის შემთხვევაში აქვთ (პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი), მაშინ როდესაც ფრაქციას 7 წევრის შემადგენლობით აქვთ იმავეს უფლება;დამოუკიდებელი დეპუტატები ნდობის ჯგუფის წევრებს ვეღარ წარადგენენ;
  • პარლამენტის ბიუროში დამოუკიდებელი დეპუტატები არ შედიან, შესაბამისად, ფრაქციის შექმნის გარეშე მათი წარმომადგენლობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი;
  • ვერ ისარგებლებენ ფრაქციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მატერიალური და ადამიანური
  • რესურსებით.
  • მნიშვნელოვანი პრობლემაა მრავალრიცხოვანი ფრაქციების როლის გაზრდა, პატარა ფრაქციების უფლებების შემცირების ხარჯზე

რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ფრაქციების როლი იზრდება, თუმცა ეს მხოლოდ დიდ ფრაქციებს ეხება. მცირერიცხოვანი ფრაქციების და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების უფლებრივი მდგომარეობა კი უარესდება:

  • მოქმედი რედაქციით პოლიტიკური დებატების, მათ შორის ინტერპელაციის შემდგომი დებატების დროს თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში გამოსვლისთვის ეძლევა 15 წუთი, ხოლო თითოეულ დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი. ცვლილებების პროექტით, თითოეულ ფრაქციას მიეცემა იმდენი წუთი, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა. შედეგად, მცირდება პატარა ფრაქციებისთვის გამოყოფილი დრო და მნიშვნელოვანი უპირატესობა ენიჭება უმრავლესობის ფრაქციას. ასევე 5-დან 3 წუთამდე მცირდება პარლამენტის უფრაქციო წევრისთვის განკუთვნილი დრო.
  • პრობლემაა ოპოზიციის წარმომადგენლობის შემცირება პარლამენტის თანამდებობებზე პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციიდან, 3 მოადგილის ნაცვლად, ერთი მოადგილე ეყოლება. დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები თანამდებობების პირები აღარ იქნებიან (უფრო დიდი შანსია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიკავოს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა , ვიდრე მაგალითად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი). თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები. ფრაქციის თავმჯდომარეს ყოველ 15 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილე შეიძლება ჰყავდეს. შედეგად, თუკი ფრაქცია უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი,
  • მნიშვნელოვნად იზრდება მისი თანამდებობის პირთა რაოდენობა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ოპოზიციის როლის შემცირება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირთა არჩევის პროცესში
  • რეგლამენტის მოქმედი რედაქციის თანახმად, გარკვეულ თანამდებობის პირთა არჩევის პროცესში ოპოზიციას თავის კვოტა აქვს და გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობის თანხმობა არ სჭირდება. მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები თავიანთი შემადგენლობის უმრავლესობით იმ წესით ირჩევენ, რომელსაც თავადვე დაადგენენ. ცვლილებით კი, ოპოზიციური კვოტის შესავსებად ყოველ ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს ექნება თითო კანდიდატის წარდგენის უფლება, რომელსაც საბოლოოდ პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროკურორო საბჭოში ვერ მოხვდება პარლამენტის ის წევრი, რომლის მიმართ უმრავლესობა არ არის კეთილგანწყობილი. მოქმედი რეგლამენტით საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის ორ წევრს ირჩევს უმრავლესობა, ხოლო 1 წევრს ირჩევენ უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები. ახალი რეგლამენტით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით და ოპოზიციას მხოლოდ კანდიდატურის წარდგენის უფლება რჩება.
  • მცირდება დამოუკიდებელი დეპუტატების როლი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცესში. მოქმედი რეგლამენტით სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს პარლამენტს ასარჩევად. ცვლილებების თანახმად ეს უფლება მხოლოდ ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციებს რჩებათ, რომლებშიც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული პრობლემურია ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დაკომპლექტების წესი. მოქმედი რედაქციით, პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია 1 წევრი – უმცირესობის წევრთაგან, ხოლო 1 წევრი დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთაგან აირჩიოს. ცვლილებებით კი, მას ოპოზიციურ ფრაქციებთან და დამოუკიდებელ წევრებთან მხოლოდ კონსულტაციის ვალდებულება რჩება და გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია.

TI-ის შეფასებით, რეგლამენტში შესატანი ცვლილებებიდან დადებით შეფასებას იმსახურებს მხოლოდ მინისტრის საათის პროცედურის გახანგრძლივება საკითხის ამოწურვამდე, ნაცვლად 21 საათისა.

"პარლამენტის რეგლამენტი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციის ჩანაწერს, რომელიც ერთი პარტიული სიით არჩეულ პარტიის წევრებს მხოლოდ 1 ფრაქციის შექმნის უფლებას აძლევს. სხვადასხვა პარტიული სიით გასულ პარლამენტის წევრებს უნდა დარჩეთ უფლება შექმნან საერთო ფრაქცია. ასევე ფრაქციის შექმნის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს.

TI-ის რეკომენდაციით:

  • ოპოზიციის წევრებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება საპროკურორო საბჭოსა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურის შესარჩევ კომისიაში თავისი კვოტით აირჩიონ წევრები და უმრავლესობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცესში კანდიდატის წარდგენის უფლება უნდა შეუნარჩუნდეთ უფრაქციო (დამოუკიდებელ) დეპუტატებს.
  • ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს არ უნდა შეეკვეცოს პოლიტიკური დებატებისას, მათ შორის ინტერპელაციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისთვის გამოყოფილი დრო. ფრაქციებს კვლავ ნიმიმუმ 15, ხოლო დამოუკიდებელ წევრებს 5 წუთი უნდა დარჩეთ და არა, შესაბამისად, 10 და 3 წუთი, როგორც ეს ცვლილებების ფარგლებში იგეგმება.
  • ქვეყნისათვის სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აფხაზეთის ა.რ. არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ა.რ. მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან აირჩეოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, პარლამენტის თანამდებობის პირის სტატუსი შეუნარჩუნდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს.
  • პარლამენტის როლის გაძლიერების მიზნით, უმჯობესია რეგლამენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სექტორზე კონსტროლის გაძლიერებას, ნდობის ჯგუფის რეფორმას, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწას და ოპოზიციისათვის სულ მცირე ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დათმობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები