მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული

0 კომენტარი

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი "კარგად არის განსაზღვრული და გადახედვა არ სჭირდება".

ტვ პირველის ეთერში ხაზარაძემ თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ.

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ლელოს ლიდერს კითხვა ამ ფორმულირებით დაუსვა:

"უმცირესობებისთვის ქორწინების დაკანონებაზე და შვილად აყვანის საკითხზე რა აზრის ხართ".

ხაზარაძემ კითვას ჰომოფობიური პასუხი გასცა: "კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება და ვიღაცის უფლებები იღრვევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, კანონი დარეგულირებულია. უფლებები ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც, კონსტიტუციაში ლამაზად წერია, კარგად წერია, ამას უნდა გავყვეთ. ამას, მე მგონი, მეტი აფიშირება არ სჭირდება. რაც თქვენ თქვით, წინააღმდეგი ვარ - ქორწინებების. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ".

ქორწინების განსაზღვრება კონსტიტუციაში 2017 წელს შეიცვალა - ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა. ძველ რედაქციაში ეწერა, რომ ოჯახი მეუღლეების თანასწორი ერთობა იყო.

ქორწინების შესახებ ჩანაწერის შეცვლის ინიციატივით თავდაპირველად პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი 2014 წელს გამოვიდა. ინიციატივას საფუძვლად ჰომოფობიური მოტივი ედო. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსით ერთი და იმავე სექსის ადამიანების ქორწინება დაშვებული არასდროს ყოფილა, კონსტიტუციით უთანასწორობა კიდევ უფრო გამყარდა.

ლგბტქ+ ადამიანები, საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების გამო მუდმივად ხდებიან, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. ლგბტქ+ თემის ის წევრები, რომლებიც ერთ ოჯახად ცხოვრობენ, მაგრამ ურთიერთობას ვერ აკანონებენ, ამბობენ, რომ პრობლემები ექმნებათ საავადმყოფოში, ქონების რეგისტრაციის, გაყოფის და სხვა ყოფითი საკითხების გადაწყვეტის დროს, რაც მათი უფლებების შეზღუდვაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები