არჩევნები 2020

ჯაში, ფოფხაძე, ნაცვლიშვილი და სხვები - "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" პარტია დააფუძნეს

ჩვენი საქართველო

საპარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პარტია დააფუძნეს. ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, პარტიაში იქნებიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე. ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.

"ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით, რადგან ჩვენი ხედვა იქნება სწორედ პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოსთვის“, - ამბობს ჯაში.

პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იქნება, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, ხოლო პოლიტსაბჭოს თავჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე.

ახალი პარტიის წევრებმა ქართული ოცნება 2019 წელს დატოვეს. ნაწილმა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გამო, ხოლო ნაწილმა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.

კომენტარები