2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები 15.924 მილიარდს მიაღწევს

ეროვნული ბანკი

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში 15 მილიარდ 924 მილიონ ლარს მიაღწევს.

მთავრობის ანტიკრიზისული პაკეტის ჯამური ღირებულება 3.4 მილიარდი ლარი იქნება. აქედან 559 ლარი სამთავრობო სუბსიდიებზე მოდის.

პირველადი მიმდინარე ხარჯები 1 მილიარდ 872 მილიონი ლარით გაიზრდება, კაპიტალური ხარჯები 123.8 მილიონით, ვალების მომსახურება და დაფარვა კი 42 ლარით.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1.5 მილიარდ ლარზე მეტით შემცირდება, ჯამში კი შემოსავლების დანაკლისი 1 მილიარდ 817 მილიონ ლარს შეადგენს, რის პარალელურადაც მთავრობა 650 მილიონ ლარიან საშინაო ვალს იღებს.

ამასთან, პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი რესურსი 5 მილიარდ 637 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც შორის საერთაშორისო პარტნიორებისგან გამოყოფილი კრედიტები 4 მილიარდ 470 მილიონი ლარია.

ამას დაემატება ევროკავშირის 330 მილიონიანი გრატი და StopCov ფონდში მობილიზებული 133.5 მილიონი ლარი დეპოზიტებზე დაგროვილ თანხასთან ერთად, რაც ჯანდაცვის სფეროს საჭიროებებისთვის დაიხარჯება.

ნაერთ ბიუჯეტში მთავრობა 600 მილიონ ლარსაც გამოათავისუფლებს სამინისტროების დაფინანსების შემცირებისა და შრომის ანაზღაურების 60 მილიონი ლარით კლების საშუალებით.

საბიუჯეტო დეფიციტი 2.5%-დან 8,5%-მდე გაიზრდება.

კომენტარები