ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020

იმნაძე: კონდიციონერი გამოცდის დაწყებამდე იმუშავებს, გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ცენტრებში კონდიციონერი გამოცდის დაწყებამდე იმუშავებს, გამოცდის პერიოდში კი ფანჯარა იქნება ღია.

"ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება განიავების პრობლემები. ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც არ არიან აწყობილი ისე, როგორც სისტემები გარედან ჰაერის შემოტანასა და ოთახიდან ჰაერის გატანაზე, ამ პერიოდში ჯერჯერობით თავშეყრის ადგილებში არ არის ნებადართული. 

რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება", - თქვა იმნაძემ. 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. სამაგისტრო გამოცდები 1-4 აგვისტოს ჩატარდება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 25 ივლისს.  

გამოცდებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მითითებები - ნახეთ აქ. 

რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეს აბიტურიენტს PCR კვლევა - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები