კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე აბიტურიენტებს: დამშვიდდით, პირბადე თქვენზე უარყოფითად არ იმოქმედებს

"მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს, არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ მენტალურ შესაძლებლობებზე, მხედველობაში მაქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოცდის ჩაბარების პროცესში" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატზე საუბრისას თქვა.

გამყრელიძის თქმით, პირბადე "ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი საშუალებაა" და "მთელ მსოფლიოში გამოცდები მიმდინარეობს პირბადეებით". 

"არა, ბატონებო, არავითარი საშიშროება ამაში არ გახლავთ. იშვიათად, არის დაავადებები და ეს ახალგაზრდებში არ არის, რომლის დროსაც, შეიძლება, ექიმმა ურჩიოს, რომ პირბადის ხმარება შეიძლება იყოს გარკვეულად მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი. ეს არის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც ხაზს ვუსვამ, არ არის ან ძალიან იშვიათი შეიძლება იყოს აბიტურიენტებში. თუ იქნა ექიმის ასეთი დასკვნა, ეს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ზოგადად პირბადე უარყოფითად არ მოქმედებს" - ამბობს გამყრელიძე. 

განათლების სამინისტროს ცნობით, ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი, მოიხსნება გამოცდიდან. ამასთან, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი გამორთული იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან დაიწყება.

კომენტარები