ჩინეთი - ავსტრალია

ავსტრალია ჩინეთთან დაძაბულობაზე: ზეწოლის გამო ჩვენ ღირებულებებზე არ ვივაჭრებთ

სკოტ მორისონი
The Daily Mail

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთთან დაძაბულ ურთიერთობებზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ვაჭრობისათვის გახსნილი ქვეყანა ვართ, თუმცა, ზეწოლის საპასუხოდ, მე არასდროს ვივაჭრებ ჩვენი ღირებულებებით, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს". - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა, როცა მას ჰკითხეს ექსპორტის საკითხზე - კიდევ დაზარალდებოდა თუ არა ქვეყანა ჩინეთისგან.

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. 

გასულ კვირას პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ.

9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ. 

ორივე შემთხვევაში, გაფრთხილებების მოტივაციაზე საუბრისას პეკინმა მოიმიზეზა, რომ პანდემიის დროს აზიელებს რასისტული მოტივით ესხმიან თავს. 

ავსტრალიის მთავრობა უარყოფს ბრალდებას, რომ ავსტრალიაში ვიზიტი ან სწავლა მათთვის სახიფათოა.

ავსტრალიის ელიტური უნივერსიტეტების წარმომადგენლობითმა კოალიციამ, რვის ჯგუფმა განაცხადა, რომ საერთაშორისო განათლება პოლიტიკურ პაიკად გამოიყენება.

ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის ღირებულება წლიურად 235 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში, ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ახალ ვირუსზე ინფორმაციას ჩინეთი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და, სავარაუდოდ, ღამურისაგან დაავადებული სხვა ცხოველის მეშვეობით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. არსებობს მოსაზრებები ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე ვუხანის ლაბორატორიიდან, რომელიც ე.წ. ვუხანის სველი ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" იძიებს ვუხანის ლაბორატორიასთან ახალი კორონავირუსის კავშირს.

კომენტარები