კორონავირუსი საქართველოში

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 2 ექთანს დაუდასტურდა

GETTY IMAGES

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, კლინიკაში კორონავირუსი 2 ექთანს დაუდასტურდა. 

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს, 12 ივნისს, 6 ინფიცირებული დაემატათ. მათგან 5-ს COVID-19 კლინიკაში დაუდასტურდა, ერთი კი სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. 

"დაკვირვების ქვეშ 38 პაციენტია, აქედან 17-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დადასტურებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, მართვით სუნთქვაზეა, თუმცა რაღაც გაუმჯობესება ფილტვის პნევმონიის მხრივ არის, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან გვაღელვებს მისი მდგომარეობა. 

კიდევ ერთი პაციენტი გუშინ სხვა კლინიკიდან ჩვენთან გადმოიყვანეს, მას აქვს რიგი კარდიოლოგიური პრობლემებისა  და არის დიაბეტიანი პაციენტი, კოვიდდადასტურებული, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია, კრიტიკულად არ განიხილება, მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 40-მდე ჩატარებული ტესტის პასუხი მოგვივიდა და აქედან ექვს პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, რაც შეეხება ახლად დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან ინფიცირების რამდენიმე წყაროს მოძიება მიმდინარეობს", - თქვა გოფოძემ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 843 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 697 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

კომენტარები