კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უახლოეს დღეებში PCR ტესტის გაკეთება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში PCR ტესტის გაკეთება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების პროცესი უფრო ფართოვდება და მასში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება.

"ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ აუცილებელია, ტემპერატურის შემთხვევაში, ადამიანმა მიმართოს “ცხელების ცენტრს”. ხვალ ან ზეგიდან იქნება შესაძლებელი, რომ მიმართონ ასევე 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ PCR ტესტირება". – თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დღეში 1500-მდე PCR ტესტი ტარდება, ივლისის ბოლოს კი ყოველდღიურად 3000-3500 ტესტის ჩატარებაა დადგეგმილი.

"ორ კვირაში ერთხელ პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მუშაკები – ძირითადად, COVID-ის და ცხელების კლინიკების თანამშრომლები, ასევე, სასწრაფოს თანამშრომლები. ახლა გადავდივართ კვირაში ერთხელ ტესტირებაზე, რადგან ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი.

ასევე, ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან სხვადასხვა კლინიკის რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. რაც მთავარია, ამ ჯგუფს დაემატა ტრაილერების მძღოლები და ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი". – თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ პირველი ივლისიდან დაიწყება ტესტირების გაფართოების მეორე ეტაპი, ხოლო 15 ივლისიდან –მესამე ეტაპი.

"ჩვენი სამიზნეა, რომ დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 ტესტირებაზე და შემდეგ 4000-4500 ტესტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი.

მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების სპეციალისტები, იუსტიციის სახლებში მომუშავე პერსონალი, ანუ, სადაც ადამიანებთან მეტი შეხება აქვთ“. – ამბობს გამყრელიძე.

15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 704 და გარდაიცვალა 14 პაციენტი.

კომენტარები