კონგრესმენების ანგარიში

კონგრესმენი: საქართველო გვიყვარს, თუმცა ვიცით, რომ ამ ქვეყანაში პუტინს მოკავშირეები ჰყავს

0 კომენტარი
ფოტო: Chris Machian / The World-Herald

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეკონმა  გადაცემაში – Пограничная ZONA ისაუბრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის, "ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების" მნიშვნელობაზე.

სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშში საუბარი იყო აშშ-ის მიერ სანქცირებული ადამიანების სიის გაფართოებაზე, სადაც უნდა მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის საგარეო მოკავშირეებიც. ვლადიმირ პუტინის ერთერთ ახლო მოკავშირედ ანგარიშში მოხსენიებული იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც. 

ამ ანგარიშის ერთერთი ხელმომწერი სწორედ დონ ბეკონია. წამყვანმა კონგრესმენს ჰკითხა, რა მტკიცებულებები ჰქონდათ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, რაზეც ბეკონმა უპასუხა, რომ ეს ნაწილი ტექნიკური ექსპერტების მიერაა მომზადებული. 

"ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ჩვენ ტექნიკური ექსპერტები გვყავდა, რომლებიც შექმნაში გვეხმარებოდნენ. მე სტრატეგიულ დონეზე ვაგებ პასუხს ამ დოკუმენტზე. ჩვენ გვსურს ახლო ურთიერთობა საქართველოსთან, საქართველო ჩვენი მეგობარია, ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია, ისევე, როგორც უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყვნენ დასავლური გუნდის წევრები. ჩვენ გვინდა დასავლური ღირებულებების მქონე გუნდი და ქვეყნები, რომლებიც დგანან ჩვენ გვერდით და ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით – ასეთია საქართველო და უკრაინა, თუმცა, ასევე ვიცით, რომ პუტინსა და რუს მაღალჩინოსნებს ამ განსხვავებულ ქვეყნებში ჰყავთ მოკავშირეები, რომლებიც ესწრაფიან იმ ღირებულებების ძირის გამოთხრას, რისიც ჩვენ გვჯერა", – ამბობს ბეკონი. 

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მყოფი პუტინის მოკავშირეები აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში უნდა შევიდნენ, კონგრესმენი ბეკონი პასუხობს, რომ ამას "უპირობოდ უჭერს მხარს". 

"რა თქმა უნდა, ამას განვიხილავ და ვიტყოდი, რომ უპირობოდ ვუჭერ ამას მხარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე მსურს, შევისწავლო ინდივიდუალური საქმეები და სანქციები იქამდე მისასვლელად. პრინციპულად ამას მხარს ვუჭერთ. ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ, რომ პუტინი არ არის ჩვენი მეგობარი და განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ის ადამიანები, რომლებიც მის იმ ინტერესებს ემსახურებიან, რაც ჩვენს ინტერესებს ძირს უთხრის. და როდესაც ვამბობ "ჩვენს ინტერესებს", ვგულისხმობ თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სამართლის უზენაესობის ინტერესებს. ვიტყოდი, რომ პუტინი ამ ღირებულებების საწინააღმდეგო მხარეს დგას. ასე რომ, ჩემთვის ეს უფრო მეტად მორალური სიცხადის საკითხია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანის უფლებების ღირებულებებია. პუტინს ჰყავს მოკავშირეები სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ემსახურებიან მის ინტერესებს და ჩვენ გვსურს, რომ განსაკუთრებით აღვნიშნოთ, რომ თვალი არ უნდა დავხუჭოთ ასეთ აქტორებზე. ეს არის დასკვნა", – თქვა კონგრესმენმა.  

11 ივნისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის 147-წევრიანი რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (RSC) ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით, "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა".

ანგარიშში წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელმაც თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. 

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები