აშშ

აშშ-ში გენდერული იდენტობის და ორიენტაციის ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნეს

GETTY IMAGES

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო თამაშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება სამოქალაქო უფლებების კანონს არღვევს.

გადაწყვეტილებაში 6-3 ნათქვამია, რომ კანონი, რომელიც სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის და კანის ფერის გამო დისკრიმინაციას კრძალავს, სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერულ იდენტობაზეც ვრცელდება.

ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერდა არგუმენტს, რომ 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი არ გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსამართლე ნილ გორსიჩმა, რომლის კანდიდატურაც დონალდ ტრამპმა წარადგინა, თქვა, რომ ამ ნიშნებით დისკრიმინაცია მოიზარებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციასაც:

"დამსაქმებელი, რომელიც ადამიანს ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებს, ამას იმ ნიშნების და ქმედებების გამო აკეთებს, რასაც ეჭვქვეშ არ დააყენებდა სხვა სქესის ადამიანის შემთხვევაში". – წერია მის გადაწყვეტილებაში.

ზოგიერთ შტატში უკვე აკრძალული იყო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია, თუმცა ზოგ შტატში მსგავსი აკრძალვა არ მოქმედებდა.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისიამ, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებას უზრუნველყოფს,  განაცხადა, რომ კანონი სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასაც მოიცავდა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ზოგიერთი პრაქტიკა შეცვალა, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში.

მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს შეცვალა 2016 წელს პენტაგონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში სამსახური კვლავ აუკრძალა.

კომენტარები