სუს-ი

რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმე - რას და როგორ იძიებს სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე "მარნეულში შუღლის გაღვივების" საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.

ეს EMC-ის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც სუს-ის მიერ ორგანიზაციის კონტროლის და მათი მუშაობის შემოწმების მცდელობა.

რას იძიებს სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე კვირაა, "რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების" საქმეს იძიებს.

30 მაისს უწყებამ განაცხადა, რომ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთში "თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას [...]

აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით". – წერდა სუს-ი.

უწყება არ ასახელებდა, ვის გულისხმობდა "აღნიშნულ პირებში" და კონკრეტულად რა შემთხვევებს ეხებოდა გამოძიება.

რა უძღოდა წინ გამოძიების დაწყებას

გამოძიების დაწყებას წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადება უძღოდა, რომლითაც მან მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გამო გააკრიტიკა, ამ გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა და ძეგლის დემონტაჟისთვის "გონივრული ვადა" მისცა.

ეპისკოპოსი ამბობდა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციას არა მისი ეთნიკურობის, არამედ პიროვნების გამო ეწინააღმდეგებოდა.

„რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია, იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი. ესეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე... მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თანამსახურნი, თავკაცები, რომლებმაც უამრავი ხალხი დახოცეს, მოაწყვეს რეპრესიები.. [...] გასაოცარია, საიდან შემორჩა ჩვენს ქალაქში მისი ძეგლი ... [მას დიდი წვილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში, ოკუპაციაში და მიწა-წყლის ჩამოცილებაში. ის არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი]. – თქვა გიორგი ჯამდელიანმა 25 მაისის ქადაგებისას.

ნარიმან ნარიმანოვი საქართველოში დაბადებული ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწერალი და პოლიტიკოსი იყო. იყო ბოლშევიკი, აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (1920–1921) და სახალხო კომისრების თავმჯდომარე.

მიუხედავად ნარიმანოვის პიროვნებისა, მისი ძეგლის დემონტაჟის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ულტიმატუმი ქსენოფობიად იქნა აღქმული.

ორგანიზაცია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" აცხადებდა, რომ "ეპისკოპოსის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისა და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ", მიზეზად კი მთელ რიგ გარემოებებს ასახელებდა, მათ შორის იმას, რომ არ არსებობს არქივებზე წვდომა, არ არის ჩატარებული ლუსტრაციის პროცესი, არ არის შეფასებული საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი, საქართველოში კვლავ დგას სტალინისა და სხვა "საზოგადო მოღვაწეების" ძეგლები და მონუმენტები, მათი სახელები კი ქუჩებს ჰქვია და ა.შ.

"ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი". – აცხადებდა ორგანიზაცია.

ეპისკოპოსის ამ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებთა მიმართ ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა.

"უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

"კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი...".

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.

გამოძიების მიმდინარეობა

იმის გამო, სუს-ი გამოძიების დეტალებს არ აკონკრეტებდა, მოქალაქეებში გაჩნდა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ის უმცირესობების დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული.

გამოძიების დაწყების მომდევნო დღეს EMC-ის იურისტმა, თამთა მიქელაძემ ფეისბუქზე დაწერა:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ, ჩემი აზრით, არსებითად იმ ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფებს და მათ ლიდერებს მიემართება, ვინც რამდენიმეა თვეა, უწყვეტად აგრესიულ კამპანიას აორგანიზებს ეთნიკური ნიშნით [...]

ჩემთვის ყველაზე პრობლემური ამ განცხადების ბუნდოვანობაა. ის ტოვებს იმგვარი აღქმის შესაძლებლობას, რომ თითქოს ის იმ აქტივისტების წინააღმდეგ იყოს მიმართული, ვინც ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს და უკმაყოფილებას პოლიტიკურ დღის წესრიგში ვაყენებთ. როგორც ჩანს chilling effect მოხდენის ინტერესი უწყებაში ასევე ქონდათ. ადგილობრივი აქტივისტების მიმართ, ვინც ბოლო რამდენიმე წელია ახერხებს მისი თემისთვის ხმის დაბრუნებას და მათი უკმაყოფილებების არტიკულირებას, ამგვარი მიდგომა ძალიან უსამართლოა და არსებითად დააზიანებს ამ თემების დემოკრატიზაციის და ინგეტრაციის პროცესს. ცხადია, რასობრივი დისკრიმინაციის მუხლის რაიმენაირი მიმართება აქტივისტების განცხადებებთან სრული ნონსენსი იქნება და ამის განმარტებაც არ ღირს. იმედი მაქვს, რომ უწყებაში მალე განმარტავენ, კონკრეტულად რა ფაქტზე და რომელ ჯგუფებთან დაკავშირებით დაიწყეს გამოძიება და მეტ სიცხადეს შეიტანენ მათ გადაწყვეტილებებში". – წერდა მიქელაძე.

6 ივნისს სუს-მა შეიხ მირთაგი ასადოვი და პარტია ახალი საქართველოს მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად ახრამანოვი გამოკითხა.


ფოტო: შეიხ მირგათი ასადოვი

"ძირითადი კითხვები იყო რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის, ნარიმანოვზე. როცა კარანტინი იყო გამოცხადებული და მარნეული იყო წითელ ზონაში, ჩვენ მოქალაქეებს ვეხმარებოდით როგორც მატერიალურად, ისე ინფორმაციას ვაწვდიდით. ასევე, მოვუწოდებდით, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ მისი შვილები ვართ. სამოქალაქო აქტივიზმი ამ თემებს უკავშირდება. როცა საკარანტინო პერიოდი გამოცხადდა, აზერბაიჯანული თემის მიმართ სიძულვილის ენას იყენებდნენ, ჩვენ ამას მედიით ვგმობდით, მოვუწოდებით მშვიდობისკენ, თანასწორობისკენ. სიძულვილის ენა გარკვეული ჯგუფებისგან იყო, რომლებიც თავს ქართული ეთნოსის ინტერესების დამცველად წარმოაჩენენ. საუბარი არ არის ერთ პირზე. ჩემი მოწოდებები მიემართებოდა იმათ, ვინც სიძულვილის ენას იყენებს და შუღლის ჩამოგდება სურს საქართველოს მოქალაქეებს შორის". – ამბობდა ასადოვი გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

მას, ისევე, როგორც სხვა გამოკითხულებს, სუს-მა გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა.

15 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურში შუღლის გაღვივების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი გამოჰკითხეს. მათ შორის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, ასევე, პრორუსული, ნეოფაშისტური საზოგადოება "ზნეობის" ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი და მოქალაქე თამაზ ჩოხელი.

16 ივნისს კი EMC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოკითხვაზე თამთა მიქელაძეც არის დაბარებული.

"მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება არსებითად უნდა მიემართებოდეს ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, უწყების ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ის არაპირდაპირ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში და არამხოლოდ, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებსა და წუხილებზე საუბრობენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ გამოძიების დაწყებიდან მოკლე პერიოდში საგამოძიებო ორგანომ აქტიურად დაიწყო საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოკითხვა". – აცხადებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სუს-ს მოუწოდებს, საჯაროდ დააზუსტოს, რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ის.

ასევე, მოუწოდებს სახალხო დამცველს, გასწიოს სუს-ში მიმდინარე გამოძიების პროცესის მონიტორინგი და საზოგადოებას დროულად გაუზიაროს შეფასებები .

კომენტარები