ეკონომიკა

იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 655 მილიონი დოლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 97%-ით შემცირდა და 9,1 მილიონი დოლარი შეადგინა. 

შედარებისთვის, გასული წლის მაისში იგივე მაჩვენებელმა 270,4 მილიონი დოლარი შეადგინა, შესაბამისად კლება 261 მილიონ დოლარს აღემატება. კიდევ უფრო დრამატულად გამოიყურება კლება წლიურ გამოსახვაში. 

2019 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, ხოლო წლევანდელი იგივე პერიოდის მაჩვენებელი 445 მილიონ დოლარს შეადგენს. კლება წინა წელთან შედარებით 40%-ს აღემატება, ნომინალურად კლება დაახლოებით 655 მილიონ დოლარს აღემატება. 

წლის პირველ ხუთ თვეში, მხოლოდ ტურიზმიდან შემცირებული შემოსავალი გასული წლის მშპ-ის 3,7%-ს შეადგენს. ეს კიდევ უფრო საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის განახლებულ ვერსიაში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს მშპ 4%-ით შემცირდება, მოსალოდნელია, რომ კლება ბიუჯეტის ვერსიას საგრძნობლად გადააჭარბებს. 

იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თვეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2019 წლის იანვარი — $164,5 მილიონი; 2020 წლის იანვარი — $193,4 მილიონი;
  • 2019 წლის თებერვალი — $169,2 მილიონი; 2020 წლის თებერვალი — 160,5 მილიონი;
  • 2019 წლის მარტი — $244,7 მილიონი; 2020 წლის მარტი — 73,8 მილიონი;
  • 2019 წლის აპრილი — $267,2 მილიონი; 2020 წლის აპრილი — 8,5 მილიონი;
  • 2019 წლის მაისი — $270,4 მილიონი; 2020 წლის მაისი — $9,1 მილიონი;

ეროვნულ შემოსავალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ ფულად გზავნილებს და ტურიზმის ინდუსტრიას. ამ სექტორების კომბინირებული წილი მშპ-ში დაახლოებით 15%-ია. გასულ წელს ამ დარგებიდან საქართველომ შემოსავლის სახით თითქმის 5 მილირდი დოლარი მიიღო.

კომენტარები