უიტი დექსამეტაზონზე: ამ დრომდე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცდის შედეგია Covid-19-ისთვის

კრის უიტი
The National

მედიცინის საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლემა, კრის უიტმა კომენტარი გააკეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც აჩვენებს, რომ დექსამეტაზონი Covid-19-ით მწვავედ დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს:

"ამ დრომდე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცდის შედეგია ახალი კორონავირუსისთვის. ფართოდ ხელმისაწვდომი, უსაფრთხო, კარგად ცნობილი წამლით სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება მათთვის, ვისაც ჟანგბადი ან სასუნთქი აპარატი ესაჭიროება... ეს მსოფლიოში სიცოცხლეებს გადაარჩენს".

უიტმა დიდი მადლობა გადაუხადა ცდაში მონაწილე პირებს და მათ, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.

ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, დექსამეტაზონმა ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე მყოფი პირების გარდაცვალების რისკი 1/3-ით, ხოლო ჟანგბადზე მყოფი პირების 1/5-ით შეამცირა.

მკვლევრები აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში წამალი პანდემიის დაწყებისთანავე რომ გამოეყენებინათ, სავარაუდოდ, 5 000-მდე სიცოცხლე გადარჩებოდა.

20-დან დაახლოებით 19 პაციენტი ახალი კორონავირუსისგან ისე გამოჯანმრთელდება, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება, თუმცა ნაწილს, შესაძლოა ხელოვნური სუნთქვა, ან ჟანგბადზე შეერთება დასჭირდეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ მაღალი რისკის პაციენტებს შველის დექსამეტაზონი. 

წამალს სხვადასხვა ანთების სამკურნალოდ იყენებენ. როგორც ირკვევა, წამალი ზოგიერთ იმ დაზიანებას შველის, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში სხეულის ზედმეტი გადატვირთვის შედეგად შესაძლოა წარმოიშვას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ცდაში დაახლოებით 2 000 პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ამ პაციენტებს დექსამეატაზონი მისცეს და ისინი შეადარეს სხვა 4 000 პაციენტს, რომელთაც დექსამეტაზონი არ მიუღიათ.

სასუნთქ აპარატზე მყოფი პაციენტების გარდაცვალების რისკი 40%-დან 28%-მდე შემცირდა. იმ პაციენტთა სიკვდილის მაჩვენებელი კი, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებოდათ, 25%-დან 20%-მდე.

მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ ამ დროისთვის, დექსამეტაზონი ერთადერთი წამალია, რომელიც სიკვდილიანობის შემცირებას აჩვენებს "და მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა".

წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა მარტინ ლანდრეიმ განაცხადა, რომ კვლევის მიგნებით, მკურნალობით სასუნთქ აპარატზე მყოფი ყოველი 8 პაციენტიდან – ერთი და ჟანგბადზე შეერთებული დაახლოებით 25 პაციენტიდან – ერთის გარდაცვალების თავიდან არიდება შეიძლება.

მისი თქმით, წამლით მკურნალობა 10 დღემდე გრძელდება და ერთი პაციენტისთვის მისი ღირებულება 5 ფუნტამდე ჯდება.

დექსამეტაზონი არ შველის ახალი კორონავირუსით დაავადებულ არამწვავე სიმპტომების მქონე პირებს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემა არ აქვთ.

კომენტარები