8 მარტის შეთანხმება

ფასილიტატორები: 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელმომწერ მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეთანხმებული პირობა "გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად". ფასილიტატორების თქმით, ამ საკითხს კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დააკვირდებიან.

"8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგადაც უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვადასხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით.

ამავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ. ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია" - ნათქვამია განცხადებაში.

8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ელჩების ჩართულობით გააფორმეს, საარჩევნო ცვლილებების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობდა. საერთაშორისო პარტნიორების და ოპოზიციის ზეწოლის ფონზე პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა, ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ვისზეც იყო საუბარი შეთანხმებაში, კვლავაც პატიმრობაში რჩება.

კომენტარები