ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა

ადმინისტრაცია: პრეზიდენტს დოლიძის გათავისუფლება არ შეუძლია, ელის მის დროულ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანა დოლიძესთან დაკავშირებით ავრცელებს პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს დოლიძის გათავისუფლების უფლება არა აქვს და მისგან "ღირსეულ და დროულ გადაწყვეტილებას" ელოდება.

"ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით "საერთო სასამართლოების შესახებ" გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისაგან, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის".

ამდენად, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.

ანა დოლიძემ, რომელიც 2018 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის". მას საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოსთხოვა.

NGO-ების შეფასებით, დოლიძის ქმედებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

თავად დოლიძემ NGO-ების პასუხად განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, ხოლო "თუ პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყვეტს, იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებასაც კანონის შესაბამისად მიიღებს".

დოლიძე კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. უცნობია, დატოვებს თუ არა მას.

ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს.

კომენტარები