არჩევნები 2020

კვიციანი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ არჩევნები სავალდებულო არ გახდება

პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის ყოფილი დეპუტატის, ემზარ კვიციანის თქმით, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო არ გახდება. ამის შესახებ კვიციანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა, სადაც საკონსიტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.

"არის თუ არა შესაძლებელი, რომ რაღაც ჩამატებები მოხდეს, მაგალითად, არჩევნები რომ გავხადოთ სავალდებულო. ერთხელ მოვსინჯოთ, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მშვიდობიანი არჩევნები კარგია, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს სჯობს. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში, ისე როგორც არ ჩატარებულა არასდროს სამართლიანი არჩევნები,  ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ ქუდზე კაცი არ გამოვა არჩევნებზე [...] წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თუ ასე არ იქნება, მე ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე". – ამბობს კვიციანი.

დღეს, 21 ივნისს პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი – მაჟორიტარული პრინციპით. 

ცვლილება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიდო. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული სამი პოლიტპატიმრიდან საპატიმროში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა რჩება.

კომენტარები