ბოკერია ცვლილებებზე: ივანიშვილი ჩიხშია, თავისით აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ უნდოდა

ტაბულა

"ძალიან კარგი ამბავი მოხდა". – ასე აფასებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის მხარდაჭერას. 

დეპუტატის თქმით, ახლა ამ გადაწყვეტილებას მესამე მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერა და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებაც უნდა მოჰყვეს. 

"ეს [გადაწყვეტილება] აჩვენებს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ხალხის მიმართ საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის ძალას, როდესაც [ბიძინა] ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც არ უნდა და არ უნდოდა. ეს ძალიან კარგია". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში ნორმალური ვითარება მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს და მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა გათავისუფლდება. 

"რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი. ის ჩიხშია მომწყვდეული. მათ შორის, ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებამ პირველი მოსმენის დროს მანევრირების შესაძლებლობა გაურთულა. ამიტომ, ახლა თავისი ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატის აზრით, გიორგი რურუას გათავისუფლება თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვისაც იქნება შვება და ეს მის ინტერესებში შედის, თუმცა, გიგა ბოკერიასვე განმარტებით, ასეთი სცენარი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესშია. 

"ამის შემდეგ უნდა შეეგუოს, რომ იყოს შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანია და მერე შეეგუოს იმ ვერდიქტს, რასაც მას გამოუტანს ქართველი ხალხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერდიქტი იქნება მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ეს არის ის ამოცანა, რაც აქვს ქვეყანას, რომ ასე განვითარდეს ამბები". – ამბობს გიგა ბოკერია. 

115 ხმით 3-ის წინააღმდეგ 23 ივნისს პარლამენტმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, პარლამენტში კანონის მისაღებად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც შეგროვდა.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება შეთანხმებაში პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა ორი პოლიტპატიმარი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. 

მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღოს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები