სოფიო კილაძე

კილაძე: როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ

0 კომენტარი
სოფიო კილაძე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, სოფიო კილაძე  გაეროს მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც წერია, რომ კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას.

“სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური, ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს”. – წერენ არასამთავრობოები.

სოფიო კილაძის თქმით, NGO-ებთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე აზრზე არიან და ამბობს, რომ იკვეთება კლანური ნიშნები. 

"მათ ადგილზე მე, პირველ რიგში, საკუთარ ჯგუფში მოვძებნიდი კლანური მმართველობის ნიშნებს. რატომ არის, რომ ყოველთვის რამდენიმე NGO ერთ აზრზე დგას, ამიტომ ყოვლთვის მიჩნდება კითხვის ნიშნები იმ კვლევებზე, რომელსაც ისინი აჟღერებენ. 

როდესაც ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის ეს ნიშნავს იმას რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ მე გავაგრძელებ სწორ გზაზე სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველზე მეტად ვაფასებთ". – ამბობს კილაძე. 

არასამთავროების ცნობით, სოფიო კილაძემ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვაზე მომუშავე თითქმის ყველა ორგანიზაციას (49 ორგანიზაცია), არ ჩართო ბავშვის უფლებების კოდექსის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოება იძულებული გახდა, საჯაროდ გამოეთქვა უკმაყოფილება და სამოქალაქო სექტორის პროცესში ჩართვა მოეთხოვა. მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში არც თავად ბავშვები იყვნენ ჩართულნი.

სოფო კილაძის თქმით კი, NGO-ების განცხადება შეიცავს მცდარ ფაქტებს და პროცედურების არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

"რაც შეეხება პროცედურებს, არავითარი პროცედურების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაეროს პროცედურები, როგორ ხდება არჩევა, მე ჯერჯერობით ვარ კანდიდატი". – ამბობს კილაძე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები