გიორგი შაქარაშვილის საქმე

რა ვიცით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მაშველებმა მდინარე არაგვში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, სიცოცხლის დროინდელია თუ არა დაზიანებები, რომლებიც სხეულს აღენიშნება.

რა მოხდა

19 ივნისს შაქარაშვილის ოჯახმა პოლიციაში მისი დაკარგვის შესახებ განაცხადა. დაიწყო ძებნა და გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.

შსს-მ გაარკვია, რომ 18 ივნისის საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში, მეგობრის მიერ ნაქირავებ ბინაში სტუმრად იყო. სწორედ აქ მოხდა შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადვოკატ მზია ქასრაშვილის ცნობით, აქ ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

ადვოკატი წვეულებაზე მყოფი რამდენიმე ადამიანის ინტერესებს იცავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფები, ისევე, როგორც სხვები – 50-მდე ადამიანი შსს-მ უკვე დაკითხა.

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ადამიანი საერთოდ პირველად ნახა. როგორც ამბობს, როცა წვეულებაზე მივიდა, ადამიანების ნაწილი მთვრალი დახვდა.

მხიარულების დროს გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და გარეთ გავიდნენ. რატომ მოხდა ეს კონფლიქტი და ვის შორის მოხდა, არ ვიცით. ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად წვეულებაზე მისული პირები წამოვიდნენ. ჩხუბი მორჩენილი იყო. შემდეგ მეორე მანქანა მისულა და ამ ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილ ბიჭებს სცემეს. ვინ არიან მეორე მანქანით მისული პირები, რა შურისძიების წყურვილი ჰქონდათ, ან რა გარჩევა იყო, არ ვიცი. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, ჩხუბის დროს იყო თუ არა იქ გიორგი, მან მიპასუხა, რომ მისი თვალთახედვის არეში შაქარაშვილი არ მოხვედრილა". – ამბობს მზია ქასრაშვილი ინტერპრესნიუსთან.

შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი, ნიკა ჯაჭვაძე ყვება, რომ მისთვის ცნობილი ვერსიით, დაპირისპირება აგარაკზე დაიწყო და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გადაინაცვლა. ეს ინფორმაცია დღეს შსს-მაც დაადასტურა.

ჯაჭვაძე, ქასრაშვილის მსგავსად, ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებიც ჩხუბში იყვნენ ჩართულები, თუმცა, დაბადების დღის წვეულებაზე არ ყოფილან.

"შემთხვევითი გამვლელი იქ არ მოხვდებოდა და ჩხუბს არ ატეხდა. სავარაუდოდ, ადგილზე მყოფმა პირებმა დაუძახეს თავის მეგობრებს და ისინიც თბილისიდან ჩამოვიდნენ. რატომ ჩამოვიდნენ: საჩხუბრად, საცემად თუ უბრალოდ ბავშვების თბილისში წაყვანა უნდოდათ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ავტობანზე დაპირისპირება მოხდა". – ამბობს ნიკა ჯაჭვაძე.

მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი, გური ამირხანაშვილი ადგილიდან გაიქცნენ მაშინ, როცა ჩხუბი დაიწყო.

"როდესაც ესენი დაბადების დღეზე მივიდნენ, იქ უკვე იყო დაძაბული სიტუაცია. იყო ჩხუბი, თუ იყო სიტყვიერი დაპირისპირება, არ ვიცით, ეს იცის გური ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილმა. გურის დაზიანებები აქვს, მაგრამ ეკლებისა და ბუჩქების. ის ამბობს, რომ გაქცევის დროს ბუჩქებში დაიმალა და ნაკაწრები აქვს. გური და გიორგი რომ გამოიქცნენ, როგორც გური ამბობს, გიორგიმ ხიდის ქვეშ ჩაირბინა, გური ბუჩქებში დასამალად გადახტა. აქ მათი გზები გაიყო და გურიმ აღარ იცის, სად წავიდა გიორგი. გურის ნათქვამი ემთხვევა ყველაფერს, რამდენჯერმე ვკითხეთ, მეგობრული საუბარიც გვქონდა, მისგან არ ყოფილა სხვადასხვა ვერსია. მთავარი ვერსია ის არის, რომ გაიქცნენ მაშინ, როცა ჩხუბი დაიწყო. გურიმ მოყვა, ჩვენს წინ გალახეს ვიღაცები და ამიტომ გავიქეცითო. ბავშვი ყვება, რომ ორი მანქანა ფიგურირებს". – ამბობს შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი, ნიკა ჯაჭვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია დაახლოებით 50 მოწმე, ამასთან, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის: საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

23 ივნისს შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

კომენტარები