ოპოზიციის შეთანხმება

ბოკერია ელისაშვილზე: ორ კანდიდატს ითხოვდა, რომ არ დავთანხმდით, ტალახის სროლა დაიწყო

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტებს თბილისში, ისევე, როგორც სხვა საკვანძო ადგილებში, ერთმანეთისთვის კონკურენტი კანდიდატები არ უნდა დაეყენებინათ.

"ორ ადგილს გვთხოვდა ჩვენ. პირადად ჩემთან და დავით ბაქრაძესთან ჰქონდა მოლაპარაკება. მოითხოვდა, ორი ადგილი მომეცით, შემოვდივარ შეთანხმებაშიო, იოსელიანი დააყენეთ მთაწმინდაზეო. ბუნებრივია, მარტო ჩვენთვის კი არა, ამ იოსელიანს არავინ არ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა, უკაცრავად, პოლიტიკურად ვიძახი, არა – ადამიანურად. 6% აიღო იმ იოსელიანმა იმ არჩევნებში, სადაც შავგულიძემ აიღო 40% თითქმის – 36% პირველ ტურში, მეორეში – უფრო მეტი. და ეს კაცი ახლა გამოვიდა იმიტომ, რომ უარი ვუთხარით იოსელიანს და ამოიჩემა შალვა შავგულიძე ყველა ადამიანისგან, ვისთვისაც ტალახის სროლა უბრალოდ უნდა შეგრცხვეს, ეს კაცი ამოარჩია და ურტყამს ამ კაცს და საერთოდ შეთანხმების იდეას. მე მარტო მოვიგებ, გავანგრევ –იძახის. დამდგარიყო და მოეგო". – თქვა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა. "რომ არ დავთანხმდით, მერე გამოვიდა და ტალახის სროლა დაიწყო".

"ეგეთი უსინდისო როგორ უნდა იყო, რომ ჯერ ვაჭრობდე ადგილებზე, მერე გამოხვიდე და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მე არ მივიღებ მონაწილეობას, თან პირველად არ აკეთებს, ხო, ამას? ამიტომ, ყველა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ამ კაცის ნდობა არ შეიძლება, [როდესაც] ეს კაცი გვეუბნება ოპოზიციური კოალიცია მე არ მაინტერესებსო, ესე იგი, ივანიშვილის ძალაუფლებაში დატოვებას ხმას მისცემს. ამიტომ არ შეიძლება ამ კაცის მხარდაჭერა და ასეთი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც იდეის ტორპედირებას ახდენს. ოპოზიციური კოალიციის მთელი მუღამი რა არის? რომ ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ ივანიშვილის დამარცხება არის ამოცანა, ამიტომ კომპრომისებზე უნდა წავიდეთ". – თქვა გიგა ბოკერიამ ალეკო ელისაშვილზე.

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი. 

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას, პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში შეთანხმდნენ. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

სია ასე გამოიყურება: 

  • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
  • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები