კახა კალაძე

კალაძე: ვიწყებთ თითოეულ ფეიქ ბრალდებაზე პასუხს, ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ფეიკ ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. მერის თქმით, პროექტი 25 ივნისიდან მის Facebook-გვერდზე დაიწყება. 

"ვიწყებთ თითოეულ ფეიკ ბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს... ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი". – ამბობს კახა კალაძე. 

თბილისის მერმა ოპოზიცია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და ორი ტელეკომპანია - მთავარი და TV პირველი - ახსენა.

"სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ მთავარს თუ ტყუილში პირველებს და მათთან ასოცირებულ ფეიქნიუსების გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით". – თქვა კახა კალაძემ. 

2019 წლის 20 Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ტირაჟირებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს. 

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედია სააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. 

კომენტარები