გიორგი რურუას საქმე

დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და რურუასთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და გიორგი რურუას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. 

იქამდე, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა: "სიმართლე გითხრათ, ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და მოვითხოვთ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობის დასრულებას".

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს. 

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი თქვა.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ეს მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

მანამ, სანამ ქართული ოცნება 8 მარტს დადებულ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს – ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა.

საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა 29 ივნისს არის დაგეგმილი.

კომენტარები