სუს

მთავარის სიუჟეტის შესახებ FB-პოსტის გამო სუს-ში ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც დაიბარეს

Facebook/ ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ FAD

ახალი კორონავირუსის შემთხვევების გაყალბების შესახებ მთავარი არხის მიერ მომზადებული სიუჟეტის შესახებ Facebook-ზე პოსტის დაწერის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო ჟურნალისტი, ნინო ჭელიძეც დაიბარეს. 

ინფორმაცია ჭელიძემ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა. 

"თავიდან მეგონა ხუმრობა. იმიტომ, რომ მითხრეს, რომ Facebook-პოსტის გამო ხდება ეს ყველაფერი. არ დამიკონკრეტეს, რომელ პოსტზე იყო საუბარი, ამიტომ, ჩავთვალე, რომ იყო ხუმრობა, მაგრამ მერე მივხვდი". – თქვა ნინო ჭელიძემ. 

როგორც ჟურნალისტი განმარტავს, ის მთავარი არხის სიუჟეტს Facebook-ზე 21 ივნისს გამოეხმაურა და პოსტი მხოლოდ მეგობრებისთვის იყო.

პოსტში ჭელიძე წერს: "ვინმეს გჯერათ, რომ გარდაცვალების დიაგნოზის გაყალბებაში კოვიდის სასარგებლოდ, ფულს იხდის სახელმწიფო?". ნინო ჭელიძის პოსტის ქვეშ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მათ შორის, მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემაც. 

ხათუნა სამნიძე ამ კომენტარის გამო ასევე დაბარებულია გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით. 

25 ივნისს, საღამოს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.უწყებამ ახალი კორონავირუსის შემთხვევების გაყალბებაზე მომზადებული სიუჟეტის ორი რესპონდენტი გამოკითხა. სუს-ის ცნობით, არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები "შეგნებულად არასწორად თარგმნა" და "ფაქტები დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა".

სუს-ის განცხადებას მთავარი არხიც გამოეხმაურა. ტელეკომპანიის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5-საათიანი გამოკითხვის დროს, 20 ივნისს მთავარ არხზე გასული სიუჟეტის რესპონდენტები ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დააშინა.

კომენტარები