წყალდიდობა უკრაინაში

უკრაინაში წყალდიდობის შემდეგ ტყის უკანონო გაჩეხვისთვის პროკურატურამ საქმე აღძრა

hromadske.ua

უკრაინაში ივანოფრანკოვსკის ოლქის პროკურატურამ ტყის უკანონო გაჩეხვისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ტყის გაჩეხვამ დასავლეთ უკრაინაში წყალდიდობას ხელი შეუწყო. საქმე აღძრულია მცენარეული და ცხოველური საფარის მასობრივი განადგურებისთვის, რაც თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში თვლიან, რომ წყალდიდობის ერთ-ერთი მიზეზი გარემოსდაცვითი ღონისძიებების და ტყის ჩეხვის ნორმების უგულებელყოფაა. 

ივნისში ნალექების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის გამო წყალდიდობა დაიწყო ივანოფრანკოვსკის, ჩერნოვცის, ლვოვის, იმიერკარპატების და ტერნოპოლის ოლქებში. ყველაზე მეტად დაზარალდა ივანოფრანკოვსკის ოლქი, სადაც 22-23 ივნისს ორ თვიურ ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა. ნალექების მსგავსი რაოდენობა 20 წელია არ დაფიქსირებულა.

წყალდიდობის გამო დაიღუპა სამი ადამიანი, დაიტბორა ათი ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, განადგურდა 150 კილომეტის სიგრძის გზები და 90 ხიდი. 

25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივანოფრანკოვსკის ოლქში დაზარალებულებთან შესახვედრად ჩავიდა. იგი რეგიონში ჩავიდა საგანგებო სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, რომელზეც პრეზიდენტი მას შემდეგ გადავიდა, რაც მის მეუღლეს COVID-19 დაუდასტურდა.

წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი 8.7 მილიონ დოლარზე მეტითაა შეფასებული.

კომენტარები