აშშ-საქართველო

კობახიძე აშშ თავდაცვის აქტზე: აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესული ცვლილება, რომელიც საქართველოს ეხება, მმართველ გუნდს ვერაფერს დააკლებს, თუმცა დააზიანებს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას. 

"ეს არის ბოკერიას და [სენატორ რიშის] აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. ეს, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ დააკლებს ქვეყანას და ვერაფერს ვერ დააკლებს ქართულ ოცნებას, თუმცა ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რასაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი". – ამბობს კობახიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილება. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმდჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში.

შესწორებები ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები