Far-UVC სინათლე ჰაერში მყოფი ზოგი კორონავირუსის 99.9%-ს კლავს

Columbia University

კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის ახალი კვლევის შედეგებით აღმოაჩინეს, რომ ჰაერში არსებული სეზონური კორონავირუსების 99.9%-ზე მეტი ნადგურდება როდესაც მათ ულტრაიისფერი სინათლის კონკრეტული სიგრძის სხივებს ანათებენ. ასეთი სინათლე ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. 

ჯერჯერობით უცნობია მისი მოქმედება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა წინასწარი შედეგებით, ეფექტიანია.

"ჩვენ შედეგებზე დაყრდნობით, არსებული რეგულაციების ლიმიტის დაცვით, Far-UVC სინათლის ჰაერის ხანგრძლივ დეზინფექციას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს დახურულ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან, ჰაერში არსებული ვირუსი," - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, კოლუმბიის უნივერისტეტში ბიოფიზიკის პროფესორი, რადიოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორი, დევიდ ბრენერი.

სტანდარტული ბაქტერიციდული UVC სინათლე (254 ნმ) შეიძლება გამოიყენონ ისეთი ადგილების დეზინფექციისთვის, როგორიცაა ცარიელი საავადმყოფოს ოთახები ან მეტროს ცარიელი ვაგონები. მისი გამოყენებისას ამ ადილებში ადამიანები არ უნდა იყვნენ, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის , შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს. 

ადამიანებით სავსე დახურული სივრცის უსაფრთხო დეზინფექციისთვის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შედარებით მოკლე (222 ნმ) ულტრაიისფერი სინათლე Far-UVC შეისწავლეს. 

Far-UVC სინათლეს არ შეუძლია ცრემლის ფენაში შეღწევა და ამიტომ სხეულის ცოცხალ უჯრედებსაც ვერ აღწევს და ვერ აზიანებს.

2018 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ Far-UVC სინათლეს ჰაერში არებული გრიპის ვირუსების მოკვლა შეუძლია.

ახლა კი მათ სინათლის ეფექტი იმ კორონავირუსებზე შეისწავლეს, რომლებიც სტრუქტურულად ჰგავს ახალ კორონავირუსს, ანუ SARS-Cov-2-ს, რაც იწვევს Covid-19-ით დაავადებას.

კვლევის მიმდინარეობისას, მეცნიერებმა აეროზოლით  Far-UVC ლამპის წინ, ოთახში ორი ტიპის კორონავირუსი გააფრქვიეს. ამის შემდეგ ისინი დააკვირდნენ, თუ რა რაოდენობის ვირუსი გადარჩა. როგორც აღმოჩნდა, ამჟამინდელი რეგულაციური ლიმიტის Far-UVC სინათლემ 8 წუთში ვირუსის დაახლოებით 90% მოკლა, 11 წუთში - 95%, 16 წუთში - 99% და 25 წუთში - 99.9%.

Far-UVC სინათლეზე კორონავირუსის მგრძნობელობა მიუთითებს, რომ ამის გამოყენება შესაძლოა, შესაძლებელი და უსაფრთხო იყოს ადამიანებით სავსე დახურულ საჯარო სივრცეში, რათა კორონავირუსების და სხვა ვირუსების, მაგალითად, გრიპის ვირუსის, ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების რისკი შემცირდეს.

ამჟამად ცალკე კვლევა მიმდინარეობს, რითაც მკვლევარები ცდილობენ გაიგონ Far-UVC სინათლის ეფექტურობა ჰაერში მყოფ ახალ კორონავირუსზე, ანუ SARS-CoV-2-ზე. კოლუმბიის უნივერსიტეტი წერს, რომ წინასწარი შედეგებით, SARS-CoV-2-ის გასანადგურებლად Far-UVC სინათლე ეფექტიანია.

"Far-UVC სინათლე დიდად არ არჩევს კორონავირუსის ტიპებს, ამიტომ, ველოდებოდით, რომ ის SARS-CoV-2-საც ამგვარად მოკლავდა. SARS-CoV-2 მეტწილად დაცემინების ან დახველების შედეგად წვეთების და აეროზოლებით ვრცელდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი ხელსაწყო, რაც ჰაერში მყოფ ვირუსს გააჩერებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გარშემო ადამიანები იმყოფებიან," - აღნიშნა ბერენერმა

მისივე თქმით, ამის გამოყენება უსაფრთხოა საავადმყოფოებში, ავტობუსებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში, მატარებლის სადგურებში, სკოლებში, რესტორნებში, ოფისებში, თეატრებში, სავარჯიშო დარბაზებში და ზოგადად, ადამიანებით სავსე დახურულ სივრცეებში: 

"Far-UVC სინათლე, შესაძლოა, გამოიყენონ, ისეთ სხვა ზომებთან ერთად, როგორიცაა პირბადის ტარება, ხელების დაბანა, რათა SARS-CoV-2-ისა და სხვა ვირუსების გადაცემა შემცირდეს".

კოლუმბიის უნივერისტეტის კვლევას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

2019 წლის ნოემბერში ან დეკემბერში ჩინეთიდან, ქალაქ ვუხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსი კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

კომენტარები