გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ვიდეოკადრებს ავრცელებს [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პროკურატურა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ვიდეოკადრებს ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულ 17-ვე ადამიანს ბრალი უკვე წარუდგინეს. მათ ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. 

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

პროკურატურა ასევე ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა 2020 წლის 18 ივნისს, როდესაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.  

პროკურატურის ინფორმაციით, დაახლოებით, 23:00 საათზე მცხეთაში, საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაცვლილი წვეულებაზე იმყოფებოდა, სამმა პირმა, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.   

დაპირისპირების შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გ.მ-მ ვ.ჩ-სთან, ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან ერთად მოწინააღმდეგეებზე შურისძიების მიზნით დამატებითი პირების მობილიზება გადაწყვიტეს. ვ.ჩ. და გ.ტ. თანმხლებებთან ერთად თავიანთი მანქანებით თბილისში წავიდნენ, გ.მ. და ლ.შ. კი ადგილზე დარჩნენ და მათ ინფორმაციას აწოდებდნენ, თუ სად იყვნენ შაქარაშვილი და მისი მეგობრები. 

"თავის მხრივ ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ.ჩ-ს „TOYOTA CAMRY”-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ. ავტომობილში - თავად გ.ტ. ნ.ც. ნ.ქ. თ.ბ. ი.მ. და ნ.ჟ. რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით. აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ.მ. და ლ.შ., რომლებიც, თავის მხრივ, აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე", - წერია განცხადებაში. 

პროკურატურის განცხადების მიხედვით, 00:45 საათზე, გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც. გ.ტ. ნ.ქ. თ.ბ. ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ. რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

პროკურატურის ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები წავიდნენ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ და ნაცემ მეგობარს, გ.ქ-ს დაეხმარნენ. ისინი თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ. ამ დროს, დაახლოებით, 00:50 საათზე,  მათ თავს მეორედ დაესხნენ. 

"ვ.ჩ. ვ.მ. ა.ქ. ზ.ხ. ა.გ. და ნ.რ. რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა. ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ მიმალულების ძებნა დაიწყეს და ბუჩქებში დამალული გ.ა. იპოვეს, ის ძალით ჩასვეს მანქანაში, თბილისში წაიყვანეს, სადაც ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურთან ჩამოსვეს. 

"მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ. ლ.შ. ნ.ც. გ.ტ. ნ.ქ. თ.ბ. ი.მ. ვ.ჩ. ვ.მ. ა.ქ. ზ.ხ. ა.გ. ნ.რ. და ნ.ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს, რა დროსაც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ.ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები", - წერია განცხადებაში.

პროკურატურის მიერ გავცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყების დღიდან 750-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა - გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება, ამოიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის ტელეფონი და მათი ტანსაცმელი, ჩაატარეს 40-მდე ადამიანის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ასევე, 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, საექსპერტო კვლევისათვის აიღეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში.

"ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენა არის უპირველესი ამოცანა, რა მიზნითაც, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე სხვა რიგი გარემოებები, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები