ფრანსუა ფიიონი

საფრანგეთის ყოფილი პრემიერი, ფრანსუა ფიიონი €1.1 მილიონის გაფლანგვისთვის დამნაშავედ ცნეს

ფრანსუა ფიიონი
Getty Images

საფრანგეთის ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტობის კანდიდატს, ფრანსუა ფიიონს თაღლითობისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამის მიუხედავად, სასამართლოს დაკავების ორდერი არ გაუცია. დაცვის მხარე აპირებს, განაჩენი გაასაჩივროს.

პარიზის საქალაქო სასამართლომ ფრანსუა ფიიონი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის.

ფრანსუა ფიიონის ხუთწლიანი სასჯელიდან სამი წელი პირობითია. სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა მის ცოლს, პენელოპა ფიიონს. ამასთან, ორივე მათგანს 375 ათასი ევროს გადახდა დაეკისრათ.

საქმე ეხება 2017 წელს გახმაურებულ სკანდალს იმის შესახებ, რომ ფრანსუა ფიიონმა წლების განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულად გააფორმა თავისი ცოლი, თუმცა, რეალურად, პელენელოპა ფიიონს არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია. ჯამში, მან ბიუჯეტიდან 1 155 701 ევრო მიიღო.

ამ სკანდალის გამო 2017 წელს არსებითად დაზიანდა ფრანსუა ფიიონის გაპრეზიდენტების შანსები, რადგანაც ამბავი საარჩევნო კამპანიისას გახმაურდა. იმ დროისათვის ფრანსუა ფიიონი მარინ ლე პენთან ერთად გამოკითხვებს ლიდერობდა და პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრებოდა. სკანდალის გახმაურების შემდეგ ფიიონის რეიტინგი დავარდა, რასაც ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის ზრდა მოყვა. საბოლოოდ, ფრანსუა ფიიონი მეორე ტურში ვეღარ გავიდა, სადაც ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი 65%-ით 35%-ის წინააღმდეგ დაამარცხა.

კომენტარები