გიორგი შაქარაშვილის საქმე

"გიორგი ჩხუბში არ ჩარეულა, სახლში ქეიფობდა" - რა წერია 18 წლის ანი გაბეჩავას ჩვენებაში

რამდენიმე ტელეკომპანიამ 18 წლის ანი გაბეჩავას ჩვენება გაავრცელა – სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყო ახალგაზრდებს შორის ჩხუბი, რასაც მოგვიანებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებზე ძალადობა მოჰყვა. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. 26 ივნისს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 17 ადამიანი დააკავეს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ძალადობისა და დევნის შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევა გახდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა თუ განზრახ მკვლელობა.

18 წლის ანა გაბეჩავას ჩვენების მიხედვით, ნარეკვავის დასახლებაში, დაბადების დღეზე ჩხუბი იუბილარის მეგობრებს, კლასელებსა და უბნელებს შორის მოხდა. კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ გიორგი შაქარაშვილი და გზატკეცილზე მისი თანმხლები პირები.

"როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ვინ ვის ურტყამდა, კონკრეტულად არ დავკვირვებივარ, ვცდილობდი გაშველებას, სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა დაარტყა მარცხენა მხარეს შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა, საბა ჩხარტიშვილმა. წამოუვიდა სისხლი.

ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. ვინ ვის სცემა, მე არ დამინახავს, თუმცა, დანამდვილებით გეტყვით, რომ ძლიერად იყო ნაცემი, გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ.

გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით, სახლში ქეიფობდნენ.

მას შემდეგ, რაც სახლში შევედი, ვიყავი ანერვიულებული. ვტიროდი, მეგობრებმა შემომთავაზეს, წავსულიყავი ლისზე, ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი, რაზეც დავთანხმდი". – წერია გაბეჩავას ჩვენებაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმე - გამოძიების ოფიციალური ვერსია

2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, მცხეთაში, სახლში, სადაც გარდაცვლილი წვეულებაზე იმყოფებოდა, სამმა პირმა, ს. გ-მ, ი. წ-მ და ს.ჩ-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ხ-ს და ვ. ჩ-ს, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

დაპირისპირების შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გ. მ-მ ვ. ჩ-სთან, ნ. ც-სთან და გ. ტ-სთან ერთად მოწინააღმდეგეებზე შურისძიების მიზნით დამატებითი პირების მობილიზება გადაწყვიტეს. ვ. ჩ. და გ. ტ. თანმხლებებთან ერთად თავიანთი მანქანებით თბილისში წავიდნენ, გ. მ. და ლ. შ. კი ადგილზე დარჩნენ და მათ ინფორმაციას აწვდიდნენ, სად იყვნენ თბილისისკენ ფეხით წასულიყო ახალგაზრდები - მათ შორის, გიორგი შაქარაშვილი .

"თავის მხრივ ნ. ც-მ, ვ. ჩ-მ და გ. ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ. მ-ს, ა. გ-ს, ნ. რ-ს და ნ. ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ. ჩ-ს TOYOTA CAMRY-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ. მ, გადანაწილდნენ თავად ვ. ჩ, ვ. მ, ა. ქ, ზ. ხ, ა. გ. და ნ. რ., ხოლო გ. ტ-ს ავტომობილში – თავად გ. ტ. ნ. ც. ნ. ქ. თ. ბ. ი. მ. და ნ. ჟ. რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით.

ისინი 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ. მ. და ლ. შ., რომლებიც, თავის მხრივ, აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე". – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, 00:45 საათზე, გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს, გ. ა.-ს, გ. ქ.-ს, ვ. ა.-ს, ი. ბ.-ს და კ. ღ.-ს თავს დაესხნენ ნ. ც. გ. ტ. ნ. ქ. თ. ბ. ი. მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ. ჟ. რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ. მ. და ლ. შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ. ქ.-ს, კ. ღ.-ს და ვ. ა.-ს, რა დროსაც კ. ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი. ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ. ა. და ვ. ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

პროკურატურის ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები წავიდნენ, გიორგი შაქარაშვილი, გ. ა. და ვ. ა. დაბრუნდნენ და ნაცემ მეგობარს, გ. ქ-ს დაეხმარნენ. ისინი თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ. ამ დროს, დაახლოებით, 00:50 საათზე, მათ თავს მეორედ დაესხნენ.

"ვ. ჩ. ვ. მ. ა. ქ. ზ. ხ. ა. გ. და ნ. რ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ. ა.-ს, გ. ქ.-ს და ვ. ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ. ა. გ. ქ. და ვ. ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ. ა. ვ. ა. და გ. ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ვ. მ.-მ, ვ. ჩ.-მ, ა. ქ.-მ, ზ. ხ.-მ, ა. გ.-მ და ნ. რ.-მ მიმალულების ძებნა დაიწყეს და ბუჩქებში დამალული გ. ა. იპოვეს, ის ძალით ჩასვეს მანქანაში, თბილისში წაიყვანეს, სადაც ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკოილის ავტოგასამართ სადგურთან.

"ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. ეს დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით.

ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს. გ., ი. წ. და ს. ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ. ხ-ს და ვ. ჩ-ს, ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, გ. მ. ლ. შ. ნ. ც. გ. ტ. ნ. ქ. თ. ბ. ი. მ. ვ. ჩ. ვ. მ. ა. ქ. ზ. ხ. ა. გ. ნ. რ. და ნ. ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ. ა.-ს, გ. ქ.-ს, ვ. ა.-ს, ი. ბ.-ს და კ. ღ.-ს, რა დროსაც კ. ღ-ზე, გ. ქ.-ზე და ვ. ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ. ღ-ს, გ. ქ.-ს და ვ. ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.

ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ. ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები". – წერია განცხადებაში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. 

"ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები