ჰონგ-კონგი

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონი მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა განიხილა და ერთხმად მიიღო. ჰონგ-კონგში ის ძალაში დღეს შევა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჯერ სრულად არ გამოქვეყნებულა და მისი დეტალები კვლავ უცნობია.

ამ დროისთვის გამოქვეყნებულია მხოლოდ კანონის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეეძლება. ჩინეთის მთავრობა ქალაქში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებსაც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს.

ჩინური მედია წერს, რომ კანონი ჰონგ-კონგის მმართველს შესაძლებლობას მისცემს, თავად აარჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის სასამართლო კვლავ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებს, ჩინეთის უშიშროების ორგანოებს ექნებათ ძალაუფლება, საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ მათ მიერ შერჩეულ საქმეებზე. განსაზღვული არ არის კრიტერიუმები, რომლითაც ეს საქმეები შეირჩევა.

ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

ჩინეთის პრემიერი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კანონს აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ის ქალაქის ავტონომიას ძირს გამოუთხრის. კანონის მიღების შემთხვევაში აშშ ჰონგ-კონგთან სპეციალური სავაჭრო შეთანხმების გაუქმებითა და ჩინეთისათვის სანქციების დაწესებით იმუქრება.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, პირველ ივლისს 23 წელი გავა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა იმ პირობით, რომ იმოქმედებდა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობები. ამ თარიღს დემოკრატიის მომხრეები ჩვეულებრივ მასშტაბური აქციები აღნიშნავენ ხოლმე, თუმცა, მიმდინარე წელს ახალი კანონების გამო ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ე. წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები