რეგულარული ფრენები

კანდელაკი მთავრობას: აღადგინეთ ფრენები EU-ს იმ ქვეყნებთან მაინც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, აღადგინოს რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ან ევროკავშირის იმ ქვეყნებთან მაინც, რომლებსაც კარგი ეპიდემიოლოგიური მონაცემები აქვთ. 

ამის შესახებ პარტიის ერთერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა 30 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბრიფინგს წინ უძღოდა 29 ივნისს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული 14 "უსაფრთხო" ქვეყნის სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნის რეკომენდაციასაც ევროკავშირის საბჭო იძლევა. 

"ძალიან კარგია და მისასალმებელი, რომ ამ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში საქართველო ფიგურირებს და ამ ფონზე, როცა ევროკავშირი ჩვენ გვიხსნის საზღვრებს, სრულიად გაუგებარი და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

დეპუტატის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რეგულარული ფრენები არ აღდგეს, ეხება ევროკავშირის ისეთ ქვეყნებსაც, სადაც კარგი ან ძალიან კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 

"გუშინ პრემიერმინისტრმა გახარიამ როცა თქვა, რომ, აი, ფრენები ხორციელდება რეგულარულად ამა და ამ ქალაქებშიო, მოიტყუა, რადგან ეს ფრენები ხორციელდება არცთუ ისე ხშირად და არის ჩარტერული. საკმაოდ მაღალი ფასებით და დღესდღეობით საქართველოდან რეგულარული ფრენები არსად არ ხორციელდება". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის თქმით, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ტურიზმის სექტორზე იყვნენ დამოკიდებულები, ან ბინა გაარემონტეს, ან პატარა სასტუმროში ჩადეს ფული და დღეს შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

"აქედან გამომდინარე და ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ევროპული საქართველო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გავხსნათ რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ან, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან მაინც, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის შეფასებული, როგორც კარგი, ან ძალიან კარგი". – თქვა დეპუტატმა. 

ასეთი ქვეყნების მაგალითად გიორგი კანდელაკს ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი მოჰყავს. მისი შეფასებით, ეს ქვეყნები საქართველოს ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან. 

"გასაგებია, რომ პანდემიამდე ვითარებას წელს ჩვენი ტურიზმი ვერ დაუბრუნდება და ვერ აღდგება, მაგრამ ეს ნაბიჯი, ფრენების გახსნა, თუნდაც ამ რამდენიმე ქვეყანასთან, იქნებოდა შვება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელიც დღეს დგას ეკონომიკური კატასტროფის და შიმშილის ზღვარზე". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

25 ივნისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

კომენტარები