ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

Bellingcat: ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთი პირი კავშირშია ФСБ-სთან

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე რუსეთის მოქალაქე, შესაძლოა, ФСБ-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური] იყოს კავშირში. ამის შესახებ საუბარია Bellingcat-ის Insider-ისა და Der Spiegel-ის საერთო გამოძიებაში

ჟურნალისტური გამოძიებით, ასევე, დადგენილია რამდენიმე ადამიანი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთანაა კავშირში, 3 მათგანი საზღვარგარეთ შეკვეთილი მკვლელობის საქმეებში მონაწილეობდა. 

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში გასული წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული. ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია. 

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გამოავლინა. Bellingcat-ის ინფორმაციით, საუბარია ვინმე რომან დავიდოვზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, კრასიკოვის მსგავსად, დავიდოვის ვინაობაც გამოგონილია. 

რომან დავიდოვი

დავიდოვმა პასპორტი 2019 წლის ივლისში, დაახლოებით იმ დროს აიღო, რა დროსაც კრასიკოვმა, მანამდე რუსულ ბაზებში ამ სახელისა და გვარის ადამიანი არ ფიგურირებს. ამის მიუხედავად, დავიდოვმა და კრასიკოვმა შენგენის ვიზა ერთ დღეს აიღეს. 

პასპორტის მიხედვით, დავიდოვი შენგენის ვიზით ცოტა ხნით პოლონეთში გაემგზავრა, დადგენილია, რომ სწორედ პოლონეთიდან ჩავიდა გერმანიაში ვადიმ კრასიკოვიც. რუსეთში გაკეთებული საგზაო ვიდეოკამერების ჩანაწერების მიხედვით, დავიდოვი ხშირად სტუმრობდა იმ ადგილს, სადაც კრასიკოვი ცხოვრობდა.

დავიდოვი, ასევე, იმყოფებოდა ბალაშიხის რაიონში, სადაც ФСб-ს მომზადების საიდუმლო ბაზა მდებარეობს, სწორედ აქ გაიარა მომზადება კრასიკოვმა ევროპაში გამგზავრებამდე. 

ჯერჯერობით არ არის მკაფიო, თუ რა როლს ასრულებდა დავიდოვი ხანგოშვილის მკვლელობის მომზადებაში, თუმცა, სავარაუდოა, რომ კრასიკოვი მარტო არ მოქმედებდა – ბერლინში ყოფნისას 24 საათში კრასიკოვმა შეძლო ველოსიპედისა და ელექტროსკუტერის შოვნა, რომელიც გერმანიაში არ იყიდება. კრასიკოვისთვის ცნობილი იყო ხანგოშვილის ადგილსამყოფელის შესახებაც. დიდი ალბათობით, მას სწორედ რომან დავიდოვი ეხმარებოდა. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დავიდოვის კიდევ ერთი პასპორტი აღმოაჩინეს, რომელიც რომან ნიკოლაევის სახელზე იყო გაცემული. ამ პასპორტით დავიდოვი 2015 წელს პრაღაში იმყოფებოდა, ამავე პერიოდში პრაღაში იმყოფებოდა კიდევ 5 პირი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის არცერთ ბაზაში არ ფიქსირდებიან. გამომძიებლების ვარუადით, ეს პირები, დიდი ალბათობით, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. 

ანალოგიური პასპორტები აღმოუჩინეს ვებგვერდ კავკაზ ცენტრის ადმინისტრატორსა და ჩეჩნეთის ყოფილ საველე მეთაურს, აბდულვახიდ ედილგერიევს, რომელიც 2016 წელს სტამბოლში მოკლეს. ედილგერიევი ჩეჩნეთის გამორჩეული ლიდერის, მოვლადი უდუგოვის ახლო ნათესავი იყო. 

იგივე ადამიანები იმყოფებოდნენ სტამბოლში, უზბეკი იმამი აბდულა ბუხარას მკვლელობის დღეს.

 

კომენტარები