რეგულარული ფრენების აღდგენა

ჩეხეთი პირველი ივლისიდან საქართველოს საზღვარს არ გაუხსნის

ჩეხეთმა ევროკავშირის "უსაფრთხო ქვეყნების სიის" პარალელურად თავისი სიაც გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ვერ მოხვდა. 

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს გამოქვეყნა ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრების გახსნაზე წევრ ქვეყნებზე რეკომენდაციებს გასცემს. იურიდიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, რეკომენდაცია არ გაითვალისწინონ და თავისი სურვილისამებრ გადაწყვიტონ, რომელ ქვეყნებს გაუხსნან საზღვარი. 

ჩეხეთმა ევროკავშირის მიერ რეკომენდებული ქვეყნებიდან მხოლოდ 8 დატოვა: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. 

ჩეხეთმა საქართველოსთან ერთად სიიდან ამოიღო ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტუნისი და ურუგვაი, ისევე, როგორც ჩინეთი, რომლის მიმართაც ევროკავშირი დააწესებს ურთიერთსანაცვლო მოქმედებების პირობას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან. 

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის საქართველოს. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა. 

25 ივნისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

კომენტარები