ელისაშვილი: ვისთანაც კოალიციას ვისურვებდი, ძირითადად, მთაწმინდაზე არიან დაკრძალულები

პლატფორმა მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ცალსახად არ პასუხობს შეკითხვას, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ვისთან გაერთიანდება კოალიციაში.

მმართველი გუნდი, ქართული ოცნება ელისაშვილმა თავიდანვე გამორიცხა და თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში მათთან კოალიციას არ შექმნიდა. 

"[კოალიციას შევქმნიდი] ისეთ ძალებთან, რომლებსაც წარსული არ ამძიმებთ. ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, იმ პოლიტიკოსებთან, ვისთანაც კოალიციაში ყოფნას ვისურვებდი და ვის გვერდზე დგომასაც, ძირითადი ნაწილი მთაწმინდის პანთეონში არის დაკრძალული". – თქვა ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". 

კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რეალისტურად რომ მიუდგეს საკითხს, ვისთან ერთად შევიდოდა კოალიციაში, ელისაშვილმა კვლავ წითელ ხაზებზე და იმაზე დაიწყო საუბარი, თუ ვისთან არ შევიდოდა. 

"პირველი წითელი ხაზი არის პრორუსული ძალები. ისინი უბრალოდ ანგრევენ ამ ქვეყანას.  მეორე წითელი ხაზი ეს არის ქართული ოცნება. მესამე არის სააკაშვილი, მასთან გამოვრიცხავ კოალიციას". – თქვა ელისაშვილმა. 

შეკითხვაზე, თუკი მაინც აღმოჩნდებოდა ისეთი რეალობის წინაშე, რომ კოალიციური მთავრობის გარდაუვალი აუცილებლობა მისგან არჩევანის გაკეთებას მოითხოვდა, ალეკო ელისაშვილი პასუხობს:

"სუფთა ტექნიკურად რომ ვისაუბროთ, ქართული ოცნება ხომ გამორიცხულია, პრორუსები ხომ ღვთის წყალობით არ სარგებლობენ ამ ქვეყანაში იმხელა მხარდაჭერით, რომ მთავრობის შექმნა მოახერხონ. ერთადერთი, თუ სხვა ოპოზიციურ ძალებთან დავთანხმდებით კოალიციას, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რამდენიმეთვიანი, რომ გამოცხადდეს ახალი არჩევნები". 

კითხვაზე, შევიდოდა, თუ არა ტექნიკურ კოალიციურ მთავრობაში, მათ შორის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ალეკო ელისაშვილი პასუხობს, რომ არ იცის, იქ რა სურათი იქნება. 

"მე მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ იქ ყველაზე ძლიერი და გადამწყვეტი ძალა". – თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა ალეკო ელისაშვილმა ივნისის დასაწყისში, საერთო მაჟორიტარებზე მსჯელობის პარალელურად დატოვა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პლატფორმა მოქალაქეები დააფუძნა. 

ამის შემდეგ ელისაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს და, განსაკუთრებით, ევროპულ საქართველოს აქტიურად შეუტია, რის შემდეგაც, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ელისაშვილმა ერთობა იმის გამო დატოვა, რომ თბილისში 8 მაჟორიტარულ ოლქში ორ ადგილს ითხოვდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ელისაშვილმა ეს დაადასტურა. 

კომენტარები