პროკურატურა

პროკურატურამ ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე 2 პედაგოგს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ 1 წლის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე 2 პედაგოგს ბრალი წარუდგინა.

სკოლა ალბიონის მასწავლებლებს, ნ. ს.-ს და ვ. ქ.-ს უწყება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

16 წლის მოზარდი 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერში დაიხრჩო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ალბიონის XI/2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის, ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში წავიდნენ, ნინოსხევის ჩანჩქერის მოსანახულებლად.

სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ. ს-სთვის და ვ. ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.

მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო, სვლა გაეგრძელებინათ ნინოსხევის ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა. ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ, ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობისა და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ბრალდების მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა ალბიონის ადმინისტრაციას ვ. ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ. ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

კომენტარები