რუსეთი

"ტრიუმფია" - კრემლი რეფერენდუმის შედეგებზე, რითაც პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუხანგრძლივდა

0 კომენტარი
დმიტრი პესკოვი ფოტო: NBC

"ნამდვილად ტრიუმფად მივიჩნევთ," – ასე აფასებს ვლადიმირ პუტინის სპიკერი, დმიტრი პესკოვი, რეფერენდუმის შედეგებს, რომლითაც პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუხანგრძლივდა.

პესკოვი ამბობს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტისადმი "ნდობის რეფერენდუმისთვის" ხმის მიცემაა.

ხმების 100% უკვე დათვლილია – ამომრჩეველთა 77.92%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

რუსეთის ცესკოს ცნობით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 67.97%-მა. მათ პირველ ივლისს კანონის დარღვევით წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადეს.

დმიტრი პესკოვის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ამხელა მხარდაჭერა ქვეყნის უკეთესი მომავლის საფუძველი გახდება.

"ძალიან რთული იყო უაღრესად მაღალი აქტივობისა და ძალიან დიდი მხარდაჭერის პროგნოზირება," – დასძინა პუტინის სპიკერმა.

ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ შედეგებს "დიდი ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ ის არ ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს.

რეფერენდუმი გასულ კვირას დაიწყო და გუშინ დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების წასახალისებლად კრემლმა პირველი ივლისი დასვენების დღედ გამოაცხადა და ამომრჩევლებისთვის პრიზები დააწესა, მათ შორის, გათამაშდა მანქანები და ბინები.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დარღვევები არ ყოფილა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ 2 100-ზე მეტი საჩივარი მიუვიდათ დარღვევების თაობაზე, მათ შორის დამსაქმებლის მხრიდან ზეწოლისა და ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის ერთზე მეტჯერ მიცემის ფაქტებზე.

რეფორმის ოპონენტების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ცვლილებებს მოსკოვში ამომრჩეველთა 51% უჭერს მხარს, სანქტ-პეტერბურგში კი - 44%.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, მაგრამ ეს ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და კიდევ 6 ან 12 წლით მართოს ქვეყანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები