დავით ჭაკუა

პროკურატურა: გერმანიიდან დავით ჭაკუას ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდა.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა. გერმანიის სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადაციის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ დღეს საღამოს, ბერლინი-ბათუმის რეისით განხორციელდა ძებნილის საქართველოში ეტაპირება.

დავით ჭაკუა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, იმავე დანაშაულის წაქეზებისათვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისათვის, დანაშაულის პროვოკაციის წაქეზებისა და მოწმეებზე ზემოქმედების განხორციელებისათვის

ქართულმა მხარემ გაგზავნა საექსტრადაციო დოკუმენტაცია 2019 წლის 20 დეკემბერს და გერმანულმა სასამართლომ განიხილა ქართული მხარის თხოვნა. აღსანიშნავია, რომ ექსტრადაციის პროცესის განმავლობაში დავით ჭაკუა დავობდა, რომ იგი საქართველოში ექსტრადაციის შემთხვევაში დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი ცალკეული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე ", - ამბობენ პროკურატურაში. 

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000-ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს, მაგრამ აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საქართველოს გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს ბაჩო ახალაიას, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის პროვოცირებას ედავება, რასაც 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე, ჭაკუას, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

კომენტარები