ტურიზმი

საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ტაბულა

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა საზღვრების გახსნა იმ ქვეყნებთან, სადაც დაბალია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და სადაც საქართველოს მსგავსი ეპიდმდგომარეობაა. ფრენების აღდგენასთან ერთად აქციის მონაწილეები ითხოვენ ორკვირიანი სავალდებული კარანტინის გაუქმებას.

“ჯერ ვაწყობთ გამაფრთხილებელ აქციას, რომ ჩვენი ხმა იქნებ გაიგოს ხელისუფლებამ და დაგვიკავშირდნენ. დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რას აპირებენ, გვითხრან. იმიტომ, რომ იმ ცრუ მოლოდინებმა, რომელიც შექმნეს თვითონ და გვეუბნებოდნენ, რომ პირველი ივლისიდან ვიხსნებით, მერე 15 ივლისი იყო, მერე თითქოს ქვეყნების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებთანაც ვხსნიდით საზღვრებს, ეს არაფერი არ გამართლდა. ახლა ამბობენ, თითქოს თვის ბოლოს გავხსნით საზღვარს, მაგრამ არც ეს არ არის გადაწყვეტილი და ოფიციალურად განცხადებული. ეს გაურკვევლობა ქმნის ზუსტად ამ დისკომფორტს და უპერსპექტიობის განცდას”. – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ცოტნე ჯაფარიძემ.

ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება არ მოუსმენს მათ და შესაბამისად არ იმოქმედებს, უფრო ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

ოფიციალურად რეგულარული ფრენები პირველი აგვისტოდან უნდა აღდგეს, თუმცა, ფინანსთა მინისტრმა 2 ივლისს თქვა, რომ "საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს". მისი აზრით, "შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა".

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, უსაფრთხო ქვეყნების რეკომენდებული სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცნენ ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი. რაც შეეხება იტალიას, იქ შესულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევთ.

უფრო ვრცლად ტურისტულ სექტორში შექმნილ პრობლემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები