ჰონგ-კონგი

სოცმედია კომპანიები ჰონ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას აჩერებენ

Reuters

Facebook-ის, WhatsApp-ის, Twitter-ის, Google-ის და Telegram-ის განცხადებით, კომპანიები ჰონგ-კონგის პოლიციას მომხმარებლების ინფორმაციას არ მიაწოდებენ. 

კომპანიები პატივს სცემენ მომხმარებლების სიტყვის თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის უფლებას და არ აპირებენ ინფორმაცია მიაწოდონ ჰონგ-კონგის პოლიციას. ჩვეულებრივ პირობებში ეს კომპანიები ემორჩილებიან იმ ქვეყნების კანონმდებლობებს, სადაც მუშაობენ და შეუძლიათ სამართალდამცველებს მიაწოდონ მომხმარებლებზე ინფორმაცია, თუ ამის საჭიროება კანონით არსებობს.

ჰონგ-კონგის პოლიციასთან მიმართებაში კომპანიების პოლიტიკის ცვლილება დაკავშირებულია უშიშროების ახალი კანონთან, რომელიც ჩინეთმა გასულ თვეს მიიღო. კანონის მიღებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და პოლიციამ 200-მდე მომიტინგე დააკავა

კანონის გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეეძლება. ჩინეთის მთავრობა ქალაქში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებსაც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს.

უშიშროების კანონის მიღების გამო ჩინეთი რამდენიმე ქვეყანამ გააკრიტიკა. საპასუხოდ აშშ-ს კონგრესმა ჰონგ-კონგის უშიშროების კანონის გამო ჩინეთს ახალი სანქციები დაუწესა, დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგელებისთვის საიმიგრაციო უფლებებს აფართოებს, ხოლო კანადა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის ხელშეკრულებას წყვეტს.

უშიშროების ახალ კანონსა და ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ურთიერთობებზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები