ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, ერთი კი შიდა გადაცემაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს, 8 ივლისს, დადასტურებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტულია, აქედან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო მეოთხე საკარანტინო ზონაში დადასტურებული შემთხვევაა. ეზუგბაიას თქმით, მეხუთე ინფიცირებული კონტაქტის კონტაქტია, ანუ არის შიდა გადაცემის შემთხვევა.

ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დრომდე 22 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული COVID 19-ის დიგნოზით. ეზუგბაიას ცნობით, კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება.

"ჩვენ გვყავდა 24 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. დაგვემატა მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი და დღეს გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მისი მდგომარეობა გამოკვლევების შედეგად არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმის არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია". – ამბობს მარინა ეზუგაია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

8 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 963 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები